სამოქალაქო კამპანია ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ

სამოქალაქო კამპანია ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ

EWMI ACCESS-ის დაფინანსებით 2017 წლის მარტში ოთხი არასამთვრობო ორგანიზაცია იწყებს სამოქალაქო კამპანიას, რომლის მიზანია ანტიდასავლური დეზინფორმაციის გაქარწყლება, დასავლური ღირებულებების პოპულარიზაცია და საზოგადოების ინფორმირება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების სარგებელზე. ამ მიზნით ორგანიზაციები გამოიყენებენ კომუნიკაციის სხვადასხვა მეთოდს და შეეცდებიან მაქსიმალურად ფართო საზოგადოებრივი ჯგუფები მოიცვან.

არასამთავრობო ორგანიზაცია –ინტეგრაციაგზა ნატოსა და ევროკავშირისკენ ჩაატარებს ინტენსიურ საინფორმაციო კამპანიას. პროექტის ფარგლებში მომზადდება 20-წუთიანი ტელერუბრიკები ცნობილი ქართველი მწერლების მონაწილეობით, რომლებიც ისაუბრებენ ანტიდასავლურ დეზინფორმაციაზე და მითებზე. ყოველი გადაცემის დროს ასევე გავა სიუჟეტი, რომლის დროსაც ჟურნალისტი მოსახლეობას გამოკითხავს კონკრეტულ მითთან დაკავშირებით და ასევე გაესაუბრება საკითხის ექსპერტს. რუბრიკა გავა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ორ კვირაში ერთელ. გადაცემის გარდა მომზადდება სოციალური კლიპები ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მითებზე, რომელიც ასევე გავა რუსთავი 2-ის ეთერში ყოველდღიურად.

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას, თუ რა უპირატესობები აქვს ევროპის ბაზარს და რა შესაძლებლობებს სთავაზობს DCFTA ქართველ ფერმერებს და მეწარმეებს. ვებგვერზე www.EUGeorgia.info ორგანიზაცია მოამზადებს 100-მდე სტატიას ქართველ ფერმერებზე და ევროპის ბაზარზე, პრაქტიკულ სარგებელზე, შემოგვთავაზებს შედარებით ანალიზს რეგიონულ ბაზრებს შორის და ა.შ. გარდა ამისა, ცენტრი რეგიონებში ჩაატარებს ათეულობით საინფორმაციო შეხვედრას და GARB-თან ერთად ადგილობრივ ტელევიზიებში მოაწყობს ინტერაქტიულ თოქ-შოუებს, რომლის დროსაც ექსპერტები და წარმატებული მეწარმეები პირდაპირ ეთერში ფერმერების და დაინტერესებული მოქალაქეების კითხვებს გასცემენ პასუხს.

მედიის განვითარების ფონდი განაახლებს თავის ცნობილ ვებგვერდს www.eurocommunicator.ge, რომელზეც კვლავაც განათავსებს სტატიებს ანტიდასავლური მითების საპასუხოდ („მითების დეტქეტორი“-ს სერია).  აღნიშნული ვებგვერდის და  სტატიების ფორმატი იქნება მარტივად აღსაქმელი მკითხველისთვის, მათ შორის ინფოგრაფიკების და კარიკატურების გამოყენებით. მოსახლეობაში მედიაწიგნიერების დონის ამაღლებისა და ანტიდასავლური მითების გაქარწყლების მიზნით,  ტელეკომპანია პირველი მოამზადებს ყოველკვირეულ ტელესიუჟეტებს და ინტერვიუებს „მედიის განვითარების ფონდის“ მკვლევარების მონაწილეობით. პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდება საინფორმაციო ვიდეორგოლები, რომელშიც ნაჩვენები იქნება, თუ რამდენად ახლოსაა დასავლური ღირებულებები ქართულ კულტურასთან და იდენტობასთან. „მედიის განვითრების ფონდი“ ასევე ჩაატარებს მედიაწიგნიერების სემინარებს ახალგაზრდებისთვის თბილისსა და რეგიონებში.

საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველო „კოალიცია ევროატლანტიკური საქართველოს“ 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად საქართველოს რეგიონებში ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს ლოზუნგით „ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია“. კამპანიის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს რაიონულ ცენტრებსა და სოფლებში მოეწყობა საჯარო შეხვედრები და ღონისძიებები ცნობილი ადამიანების და ექსპერტების მონაწილეობით. ღონისძიებები ჩატარდება აჭარაში, სამეგრელოში და იმერეთში. თემატური შეხვედრები და დისკუსიები დაეთმობა რეგიონისთვის სპეციფიკურ საკითხებს, იმ მნიშვნელოვან თემებს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ყველაზე მეტად აინტერესებს. ექსპერტები შეეცდებიან აუხსნან მოსახლეობას, თუ რა გავლენას ახდენს ვეროინტეგრაცია მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. შეხვედრების გარდა „საერთშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ასევე გაავრცელებს საინფორმაციო ბროშურებს, პოსტერებსა და ინფოგრაფიკებს, დაამზადებს და ტელეეთერით გაუშვებს საინფორმაციო კლიპებს. კამპანიის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება სოციალურ მედია.

კამპანიის პრეზენტაცია მოხდება მარტში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები ფართო საზოგადოებას საკუთარ პროექტებს წარუდგენენ.

Write a Comment

<