დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოში წელს მეცამეტედ გაიმართა საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანი დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება იყო.

14-15 მარტს, „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ“, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გამართა სამედიცინო კონფერენცია, რომლის მთავარი თემა დაუნის სინდრომის მქონე პირებისთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და გაუმჯობესება იყო. კონფერენციას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, სამედიცინო საზოგადოების და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენცია მიჰყავდათ დაუნის სინდრომის მქონე პირებს.

კონფერენციის სპიკერებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს გაუზიარეს უახლესი ინფორმაცია დაუნის სინდრომის მქონე პირების ჯანმრთელობის სპეციფიკასა და მართვაზე და წარუდგინეს განახლებული კლინიკური გაიდლაინები, რომელიც USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მხარდაჭერით განახლდა. ახალ გაიდლაინებზე ასევე ისაუბრეს ამერიკელმა ექიმებმა, რომლებმაც დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენციის მეორე დღე დაუნის სინდრომის მქონე პირთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და სექსუალურ განათლებას დაეთმო.

21 მარტს დაუნის სინდრომის მქონე თვითადვოკატები საქართველოს პარლამენტის ადმიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გამოვიდნენ და ისაუბრეს  დაუნის სინდრომის მქონე პირების ჯანმრთელობის მეთვალყურეობის საჭიროებებზე, დამოუკიდებელი ცხოვრების, დასაქმების და განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე, დაუნის სინდრომის მქონე ქალების გამოწვევებზე და სხვ. ამ შეხვედრისთვის დაუნის სინდრომის მქონე პირები USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით მოემზადნენ – მათ გაიარეს ტრენინგი საჯარო გამოსვლის უნარებში, უკეთ გაეცნენ საკუთარ უფლებებს და თავად ჩაერთნენ ადვოკატირების კამპანიაში.

Write a Comment

<