სასკოლო კვების კვირეული

სასკოლო კვების კვირეული

სასკოლო კვების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის პარტნიორებმა – „განათლების კოალიციამ“ და „მშობლები განათლებისთვის“ 14-19 მარტს სასკოლო კვების კვირეული გამართეს. კვირეული მიზნად ისახავდა სასკოლო კვების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ფართო მხარდაჭერის მოპოვებას.

კვირეული გაიხსნა 14 მარტს სასკოლო კვების ფორუმით და გაგრძელდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებებით თბილისში და რეგიონებში. ფორუმში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექპერტების გარდა მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლეები და მათი მშობლები. ფორუმზე განათლების კოალიციამ წარმოადგინა რეგიონებში ჩატარებული სოციალური ლაბორატორიის ფორმატის დისკუსიების შედეგები,  ხოლო პანელურ დისკუსიებზე, მოწვეულ სპიკერებთან ერთად, არსებული გამოწვევების და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სასკოლო კვების საერთაშორისო კოალიციის წევრობას და ვალდებულებებს.

კვირეული გაგრძელდა 17 მარტს, თბილისში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ ქუჩის საინფორმაციო აქციით. ორგანიზატორებმა მოქალაქეებს საინფორმაციო ფურცლები დაურიგეს და სასკოლო კვების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. თავიანთი მხარდაჭერა გამვლელებმა სიმბოლურად ხელმოწერებით დააფიქსირეს.

კვირეულის დასკვნით ეტაპზე, 18-21 მარტს, თბილისის და რეგიონების სკოლებში მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მრავალფეროვანი აქტივობები გამართეს – ერთად მოამზადეს ჯანსაღი საკვები და მოსწავლეებს გაუმასპინძლდნენ, ჩაატარეს გაკვეთილები და აქტივობები სასკოლო კვების მნიშვნელობაზე, მოამზადეს თემატური პოსტერები და სხვ. კვირეულის ორგანიზებაში ასევე ჩართულები იყვნენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი მასწავლებლები – ლადო აფხაზავა (ლანჩხუთი) და ნინო ნიპარიშვილი (კასპი). კამპანიას შეუერთდნენ ცნობილი ადამიანები და სასკოლო კვების მხარდამჭერი ვიდეომიმართვები ჩაწერეს.

სასკოლო კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოს განათლების სისტემაში. UNICEF-ის 2023 წელს გამოქვეყნებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის მიხედვით, სასკოლო საათებში ყოველდღიურად იკვებება ბავშვების  27%, ხოლო არასდროს არ იკვებება ბავშვების 35%. არაერთი კვლევით დამტკიცდა, რომ უფასო სასკოლო კვება ხელს უწყობს როგორც მოსწავლის ფიზიკურ ჯანმრთელობას, ასევე მის ემოციურ და კოგნიტურ განვითარებას და აუმჯობესებს აკადემიურ მოსწრებას, ვინაიდან მოსწავლე მეტად კონცენტრირებულია სასწავლო პროცესზე, უფრო ხანგრძლივად რჩება სკოლაში და ზოგადად, სკოლა მისთვის უფრო მიმზიდველ ადგილად იქცევა. ამ სიკეთეების გამო, მსოფლიოს ქვეყნების 90%-ში სასკოლო კვების პროგრამა სხვადასხვა ფორმით არსებობს. საქართველო კი ქვეყნების იმ დარჩენილ 10%-შია, სადაც ასეთი პროგრამა არ მოქმედებს.

Write a Comment

<