ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის პარტნიორობის ფორუმი

ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის პარტნიორობის ფორუმი

29 ნოემბერს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის პარტნიორობის ფორუმი გამართა, რომლის მიზანი ამ ორ სექტორს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენა და წახალისება იყო. ამ ღონისძიებით USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა Giving Tuesday-ს გლობალურ კამპანიას შეუერთდა, რომელიც ამავე დღეს აღინიშნება და მთელ მსოფლიოში ადამიანებს ერთმანეთის დახმარების და თანადგომისკენ მოუწოდებს.

ფორუმზე ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ამ თანამშრომლობის ხელისშემშლელ, თუ ხელშემწყობ ფაქტორებზე ისაუბრეს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბიზნესთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითებზე ისაუბრეს და ბიზნესს სოციალურ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობები შესთავაზეს, მათ შორის: ვებგვერდი „სუპერგმირი“, რომელიც სოციალურად დაუცველ ბავშვებს საჭირო ნივთებს აწვდის; Facebook-ის ჯგუფი და ვებგვერდი dopomoga.ge, რომელიც საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს მათთვის საჭირო ინფორმაციას აწვდის; Educare Georgia ცენტრიდან მოშორებულ სოფლებში ბავშვებს უფასო ინტერნეტს და განათლების შესაძლებლობებს აძლევს; crowdfunding-ის პლატფორმა „ორბელიანი მეტის“ საშუალებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია მცირე ზომის სოციალური პროექტები დააფინანსოს.

ღონისძიების მეორე ნაწილში არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება ჰქონდათ ბიზნესკომპანიებს ინდივიდუალურად გასაუბრებოდნენ, წარედგინათ თავიანთი პროექტები და  თანამშრომლობის შესაძლებლობები განეხილათ.

ღონისძიების შედეგად ხუთმა ბიზნესკომპანიამ 31,000 ლარით 10 სამოქალაქო ინიციატივას დაუჭირა მხარი.

Write a Comment

<