ონკოპაციენტი ქალების მხარდაჭერა საქართველოს რეგიონებში

ონკოპაციენტი ქალების მხარდაჭერა საქართველოს რეგიონებში

ძუძუს კიბოს პაციენტების ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“, EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით საქართველოს რეგიონებში აქტიურ მუშაობას განაგრძობს. აგვისტოში „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ მიერ მოწვეულმა ფსიქოლოგმა ყაზბეგში და ზუგდიდში ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ქალებს ფსიქოლოგიური სარეაბილიტაციო სესიები ჩაუტარა. კლუბის წევრებმა კი ქალებს პოსტოპერაციული სარეაბილიტაციო ვარჯიშები, ასევე ოპერაციის შემდგომი პროთეზების ქსოვის ტექნიკა ასწავლეს.

აგვისტოში „გამარჯებულ ქალთა კლუბმა“ საინფორმაციო შეხვედრები რაჭაშიც გამართა. ონში და ამბროლაურში ონკოლოგმა მამოლოგმა პაციენტებს უფასო კონსულტაცია გაუწია და მათ ძუძუს კიბოს პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკის, სიმპტომებისა და მკურნალობის გზების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ცალკე სემინარი ჩატარდა ონის საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებმაც სკრინინგის პროგრამების და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. საინფორმაციო შეხვედრა ამროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაშიც შედგა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ძუძუს და საშვილოსნოს კიბოს სკირინინგ პროგრამა 2008 წლიდან მოქმედებს, პაციენტებს ხელი არ მიუწვდებათ პოსტოპერაციულ სარეაბილიტაციო სერვისებზე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევი ქალების მხარდაჭერა და მათი პოსტოპერაციული რეაბილიტაცია თანამედროვე მკურნალობის პრაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ ამ ვაკუუმის შევსებას ცდილობს და მიზნად ისახავს სარეაბილიტაციო პროგრამების აუცილებლობაზე ფართო საზოგადოებისა და ხელისუფლების  ინფორმირებას.

Write a Comment

<