საქართველოს ევროპული ფორუმი რეგიონებში დემოკრატიული ჯგუფების კონსოლიდაციას ახდენს

საქართველოს ევროპული ფორუმი რეგიონებში დემოკრატიული ჯგუფების კონსოლიდაციას ახდენს

მაისსა და ივნისში, „საქართველოს ევროპული ფორუმის“ ორგანიზებით, გურჯაანში, ახმეტაში, ლაგოდეხში, თელავში, ზესტაფონში, ბაღდათში, ხონში, ქუთაისში, ხაშურში, ხულოში, ქედაში, ბათუმში, ქობულეთში, კასპში, ქარელში, გორში და წალენჯიხაში  მრავალსექტორული შეხვედრები ჩატარდა. სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეებმა არსებული გეოპოლიტიკური საფრთხეების ფონზე საქართველოსთვის შექმნილი გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრებზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით და დამატებითი ანალიზის საფუძველზე „ევროპული ფორუმის“ ექსპერტებმა მოვლენების განვითარების  „პესიმისტური,“ „ნეიტრალური“ და „ოპტიმისტური“ სცენარები შეიმუშავეს, სადაც გამოწვევებისა და შესაძლებლობების აღწერის გარდა, მათზე ეფექტიანად რეაგირების სტრატეგიებიც მიმოიხილეს. პირველი – „პესიმისტური“ – სცენარის სამუშაო განხილვა, სხვადასხვა მხარის ჩართულობით, თბილისიში 30 ინვისს გაიმართა. შეხვედრაზე გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები პოლიტიკის დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში აისახება.

სცენარებზე მუშაობის პარალალურად, 15 ივნისს „საქართველოს ევროპულმა ფორუმმა“, მისი 140 წევრის სახელით, მოამზადა და გაავრცელა მიმართვა მოქალაქეებისადმი ევროკავშირისა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ ორგანიზებული პროპაგანდის თაობაზე. მიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ჭეშმარიტი გულშემატკივრები სამართლიანად მიგვითითებენ იმ პრობლემებზე, რაც ყველაზე მეტად აზიანებს ჩვენს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, იქნება ეს შერჩევითი სამართალი, განსხვავებული აზრის დევნა, ოპონენტების შანტაჟი, თუ სხვა.

„საქართველოს ევროპული ფორუმი“ ღია და თავისუფალი პლატფორმაა მათთვის, ვინც მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისა და ნატოსკენ. ფორუმი აერთიანებს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, აკადემიური ორგანიზაციების, ბიზნესის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მოქალაქეებს. მასში გაწევრინება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია (რეგისტრაციის ბმული). ფორუმში გაწევრიანებით მისი წევრები ხელს აწერენ და იზიარებენ საქართველოს ევროპული ფორუმის დეკლარაციას.

ევროპული ფორუმი შეიქმნა „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD“ ინიციატივით. ფორუმის აქტივობებს მხარს უჭერს USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა.

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*