სამოქალაქო კამპანია ფოთში ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად

სამოქალაქო კამპანია ფოთში ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად

ჰაერის დაბინძურება და თევზის სუნი ფოთს დიდი ხანია აწუხებს. ბოლო წლებში ეკოლოგიური მდგომარეობა ნავსადგურისა და სამრეწველო ზონის მიმდებარედ საგრძნობლად გაუარესდა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ჰაერის დაბინძურების გამო ხშირად სუნთქვაც კი ჭირს.

ამ პრობლემების მოგვარების მიზნით, EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, 10 თვის უკან  სამოქალაქო პლატფორმა „ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის“ შეიქმნა. პლატფორმის წევრები ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად მოქალაქეების მობილიზაციას ახდენენ და აქტიურ ადვოკატირების კამპანიას ეწევიან. პლატფორმამ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას სამი პეტიცია წარუდგინა, რითიც საწარმოო ზონის მიმდებარედ ჰაერის უწყვეტი მონიტორინგის მობილური სადგურების დადგმა, თევზის სუნის მოგვარებისთვის კონკრეტული გეგმის შემუშავება და  მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად თვითმმართველობასა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის გაზრდა მოითხოვა.

პირველი პეტიცია მალევე დაკმაყოფილდა და ჯავახიშივილის ქუჩაზე განთავსდა ჰაერის დაბინძურების მზომი მობილური სადგური, რომელიც ხუთი თვის განმავლობაში ჯავახიშვილის და მის მიმდებარე ქუჩებზე უწვეტად ზომავდა ჰაერის დაბინძურების ხარისხს. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ხუთი თვის მანძილზე ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების – PM10-ის შემცველობა რამდენჯერმე აჭარდებდა ნორმას 52 დღის განმავლობაში, ხოლო PM2.5-ის შემცველობა – 24 დღის განმავლობაში. PM10 და PM2.5 მტვრის უმცირესი ნაწილაკებია, რომელთა მცირე დოზაც კი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ბუნებრივი მიზეზების გარდა, მტვრის ეს ნაწილაკები ქარხნების მუშაობის შედეგად წარმოიქმნება, პროდუქციის არასწორად შენახვისა და ტრანსპორტირების გამო.

დაბინძურების პრობლემის კიდევ უფრო ნათლად წარმოსაჩენად სამოქალაქო პლატფორმამ ქ. ფოთში ჭავჭავაძის, ჯავახიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩებზე ნიადაგის სინჯები აიღო. სინჯების ანალიზით დადგინდა, რომ ნიადაგში სპილენძისა და ტყვიის შემცველობა მნიშვნელოვნად აჭარბებდა დაშვებულ ნორმებს.

პლატფორმის ინიციატივით ასევე ჩატარდა სამრეწველო ობიექტების მიმდებარედ მცხოვრები ბავშვების თმის სპექტრული ანალიზი. 20 შემოწმებული ბავშვიდან 10-ის ორგანიზმში ნორმას საგრძნობლად აჭარბებდა ტყვიის შემცველობა, ოთხის ორგანიზმში – სპილენძის, ხოლო ერთის ორგანიზმში – რკინის. აპრილში ჩატარდა დამატებითი კვლევა, რომლის შედეგების მიხედვით, 15 ბავშვიდან 14-ში ტყვია დაშვებულ ზღვარს აჭარბებდა.

ეს ინფორმაცია პლატფორმამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიაწოდა, რის შემდეგაც ცენტრმა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას  ბავშვებში კომპლექსური სამედიცინო გასინჯვების და მძიმე მეტალებზე ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება ურჩია. ცენტრმა მუნიციპალიტეტს კონკრეტული გეგმაც შესთავაზა და კვლევის, ანალიზისა და რეკომენდაციების მომზადების ყველა ეტაპზე მეთოდური დახმარების გაწევას დაჰპირდა.

სამოქალაქო პლატფორმის დახმარებით ფოთის რამდენიმე მცხოვრებმა სასამართლოსაც მიმართა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ფოთის მუნიციპლიტეტის მერიას მაღალი დაბინძურების ზონებში ჰაერის მონიტორინგის სტაციონარული სადგურის დადგმა და ქალაქის მასშტაბით ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა მოსთხოვა.

აქტიური სამოქალაქო ზეწოლის შემდეგ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2021 წლის ბიუჯეტის დადგენილებაში ცვლილება დაამტკიცა და 50 000  ლარი გამოყო ,,მოსახლეობაში ბავშვთა კომპლექსური სამედიცინო გასინჯვებისა და ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის”, რაც დაბინძურების ზონებში ბავშვების ჯანმრთელობაზე მავნე ნივთიერებების გაფრქვევის ზეგავლენის კვლევას ითვალისწინებს. გეგმის მიხედვით, დაახლოებით 150 ბავშვს სისხლში სპილენძის, ტყვიის,  კადმიუმის, ალუმინისა და ვერცხლისწყლის შემცველობის დასადგენად გამოკვლევა ჩაუტარდება. მონაცემების  შედარების მიზნით ანალიზები ჩაუტარდება როგორც დაბინძურების ზონაში მცხოვრებ, ისე ნაკლები დაბინძურების ზონაში მცხოვრებ ბავშვებს.

თევზის სუნის პრობლემის მოსაგვარებლად, მოსახლეობის მოთხოვნით, მერიაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც, თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და ექსპერტების გარდა, ფოთის მცხოვრებლებიც არიან ჩართულები.

EWMI ACCESS-ი განაგრძობს პლატფორმის მხარდაჭერას.

Related Articles

Write a Comment

<