ბოლნისელები ქალაქში კულტურულ პროცესებს აცოცხლებენ

ბოლნისელები ქალაქში კულტურულ პროცესებს აცოცხლებენ

ბოლნისს მდიდარი კულტურა და ისტორია გააჩნია. საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქვემო ქართლის რეგიონს ბევრი რამით შეუძლია იამაყოს: დმანისში აღმოაჩინეს „მსოფლიოში უძველესი ჰომინიდების ნაშთები აფრიკის გარეთ,“ აქვე, მეცხრამეტე საუკუნეში გერმანელების სოფელი იყო, საყდრისთან კი – მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ოქროს მაღარო.

ბოლნისის კულტურა დღესაც ცოცხალია და მას ეთნიკურად მრავალფეროვანი მოსახლეობა: აზერბაიჯანელები, სომხები და ქართველები ქმნიან. ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მუხედავად, ქალაქს და მის გარშემო სოფლებს არ გააჩნიათ შეკრების ადგილი – სივრცე, სადაც ადგილობრივები მოიყრიდნენ თავს, კულტურულ ცხოვრებაში ჩაერთვებოდნენ, ერთმანეთს შეხვდებოდნენ, ერთმანეთისგან ისწავლიდნენ და საკუთარ ამბავს მოყვებოდნენ.

ადგილობრივმა ახალგაზრდებმა გააცნობიერეს სოციალური და კულტურული  სივრცის აუცილებლობა და ქალაქის გაუქმებული კინოთეატრის გაცოცხლებისთვის 2015 წელს გაერთიანდნენ.  მათ დროებით გაასუფთავეს ბოლნისის კინოთეატრი და იქ რამდენიმე ფილმის ჩვენება და კულტურული ღონისძიება მოაწყვეს.

სამოქალაქო კამპანია ნელ-ნელა ძალას იკრებდა, ადგილობრივი ხელისუფლება კინოს რეაბილიტაციასა და მოდერნიზაციაზე ალაპარაკდა, თუმცა საჭირო თანხების  ნაკლებობამ პროექტი განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.

მიუხედავად ამისა, აქტიური მოქალაქეების ჯგუფი  „ახალგაზრდული ინიციატივა ცვლილებებისთვის“ გამოწვევებს არ შეუშინდა. მათ გააგრძელეს ადვოკატირების კამპანია, ატარებდნენ ახალ ღონისძიებებს და  მოსახლეობას  კინოთეატრის მნიშვნელობაზე ესაუბრებოდნენ.  2022 წლის სექტემბერში, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის დახმარებით, ჯგუფმა ყველაზე მასშტაბური ღონისძიებები მოაწყო, მათ შორის  ციფრულად აღდგენილი  ძველი ქართული ფილმების ჩვენებები და  შემდგომი დისკუსიები, საგანმანათლებლო სესიები და მასტერკლასები, და სხვ.

ამ კამპანიის ფარგლებში, 2022 წლის შემოდგომაზე, ახალგაზრდულმა ინიციატივამ მონაწილეობა მიიღო ბოლნისის მუნიციპალიტეტის კონკურსში „დაგეგმე შენი ბიუჯეტი.“ მოქალაქეებს შეეძლოთ მუნიციპალიტეტისათვის საკუთარი პროექტები წარედგინათ, რომლებსაც შემდეგ ხალხი მისცემდა ხმას. გამარჯვებული პროექტი კი მუნიციპალურ დაფინანსებას მიიღებდა.

ამ პროექტის მხარდასაჭერად, ჯგუფმა აქტიური კამპანია ჩაატარა -როგორც სოციალურ მედიაში, ასევე რეგიონში სხვა აქტივისტების მხარდაჭერით.  შედეგად, კინოთეატრის რეაბილიტაციის მათმა პროექტმა გაიმარჯვა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარი მიიღო.

ახალგაზრდული ჯგუფის ლიდერი ვანო ერისთავი ამბობს, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს რეგიონის კულტურულ განვითარებას და სხვადასხვა თემის ერთმანეთთან დაახლოებას. „ბოლნისი ეთნიკურად მრავალფეროვანი ადგილია, თუმცა აზერბაიჯანული, სომხური და ქართული მოსახლეობა გეოგრაფიულად არიან დაშორებულნი ერთმანეთს – ისინი სხვადასხვა სოფლებში ცხოვრობენ. ბოლნისის კინოთეატრის მსგავსი სივრცე ყველა ამ ჯგუფს თავს მოუყრის  და ისეთ თემებს შესთავაზებს, რაც თითოეულ მათგანს ეხება. ეს კი ხელს შეუწყობს ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და გაზრდის მოქალაქეების სოციალურ ჩართულობას“. ვანო ერისთავი ამბობს, რომ ბოლნისის კინოთეატრის რეაბილიტაციისათვის ბრძოლამ შედეგი უკვე გამოიღო – ადგილობრივი მოსახლეობა  უფრო აქტიურად ჩაერთო მათ გარშემო მიმდინარე პროცესებში. „მსგავსი დამოუკიდებელი სოციალურ-კულტურული სივრცეები ხელს უწყობს კულტურის დეცენტრალიზაციას და რეგიონულ ქალაქებს აღორძინებაში ეხმარება“ – ამბობს ვანო ერისთავი. „ძალიან მნიშვნელოვანია ამ სივრცეების აღდგენის პროცესში თავად მოსახლეობა იყოს ჩართული, რადგან ეს მათ სოფლის/თემის/ქალაქის განვითრების აქტიურ მონაწილეებად აქცევს.“

2023 წლის გაზაფხულზე კინოთეატრის რეაბილიტაციის სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო, რაც გულისმოხბს შენობის გადახურვასა და სველი წერტილების მოწესრიგებას. აგვისტოში აქტივისტების ჯგუფმა „ქრაუდფანდინგის“ (ხალხისგან თანხების შეგროვება) კამპანია წამოიწყო კინოთეატრისათვის გათბობის სისტემის შესაძენად – რათა ღონისძიებების ჩატარება მთელი წლის განმავლობაში შეძლონ. სულ 7,000 ლარის შეგროვებაა საჭირო. „ძალიან გაგვიხარდა იმის დანახვა, თუ რამდენმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი „დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ კონკურსში. დარწმუნებულები ვართ, რომ მსგავსი მხარდაჭერა ექნება „ქრაუდფანდინგის“ კამპანიასაც და ისიც ასეთივე წარმატებით დასრულდება“ – ამბობს ვანო ერისთავი.

Write a Comment

<