„ლომეკმა“ „საუკეთესო სათემო ინიციატივის“ ჯილდო მოიპოვა თრუსოს ხეობის დასაცავად გაწეული საქმიანობისათვის
თრუსოს ხეობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მშვენებაა – აქ მყონვარებსაც ნახავთ, უნიკალურ ტრავერტინებსაც და კამკამა მინერალურ ტბებსაც. თრუსოს ხეობაში მდებარეობს ოცზე მეტი ისტორიული დასახლება – ზოგი მათგანი ისტორიას შუა საუკუნეებიდან ითვლის. ამ მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა და თვალწარმტაცი ბუნების მიუხედავად ხეობა არასათანადოდაა დაცული. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს მიიღეს კანონი „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, კონკრეტული ნაბიჯები ხეობის დასაცავად და მდგრადი მართვისათვის არ გადადგმულა.
ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, ყაზბეგის მკვიდრმა ანა გელაშვილმა რამდენიმე წლის წინ ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაცია „ლომეკი“. USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით ანა და მისი გუნდი მოსახლეობას ინფორმაციას აწვდის ხეობის კულტურული მნიშვნელობის შესახებ, ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან ხეობის მდგრადი მართვის გეგმის შესამუშავებლად.
პროექტი 2023 წლის თებერვალში დაიწყო. მას შემდეგ „ლომეკმა“ მოაწყო მედიატური, დაამზადა საინფორმაციო ბროშურები და შეხვდა ყაზბეგის რვა სოფლის მოსახლეობას. შედეგად, თრუსოს ხეობის მნიშვნელობის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყო რეგიონშიც და მთელს ქვეყანაშიც. „ლომეკმა“ ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებს ჩაუტარა გაკვეთილები თრუსოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ და საზაფხულო ბანაკი მოაწყო 12 მოსწავლისათვის, რომლებიც პროექტში მოხალისეებად ჩაერთნენ.
„ლომეკმა“ მუშაობა დაიწყო კონსერვაციის ექსპერტთან და მოიძია ინფორმაცია ბუნებრივი ლანდშაფტების დაცვის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ორგანიზაცია ასევე ცდილობს ხელი შეუწყოს ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოქალაქეების თანამშრომლობას გადაწყევტილების მიღების პროცესში. ანა გელაშვილი ამბობს, რომ საზოგადოების და მთავრობის ჩართულობა აუცილებელია იმისათვის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი არ დაიკარგოს.
„თრუსოს ხეობა ნამდვილად უნიკალური ადგილია“ – ამბობს ანა გელაშვილი. „ის დღემდე თითქმის მთლიანად თავდაპირველი სახითაა შენარჩუნებული. აქ ნახავთ ზღვის დონიდან 2000 მეტრზე განლაგებულ ულამაზეს სოფლებს, რომლებიც გვიანი შუა საუკუნეების მთის ტიპური საცხოვრებელი კომპლექსების უნიკალურ ეგზემპლარებს წარმოადგენს. მათი დაცვა აუცილებელია ჩვენი იდენტობის შესანარჩუნებლად. მინდა, რომ ეს საგანძური მომავალ თაობებსაც შემოვუნახოთ.“
„ლომეკის“ საქმიანობა საქართველოს სხვა აქტივისტებსაც აძლევს მაგალითს. 16 ნოემბერს „სათემო ლიდერთა ფორუმზე“ „ლომეკმა“ „საუკეთესო სათემო ინიციატივის“ კატეგორიაში გაიმარჯვა. სათემო ლიდერთა ფორუმს ყოველწლიურად ატარებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). მისი მიზანი სათემო ორგანიზაციების მუშაობის ხელშეწყობა და საქართველოში მოქმედ აქტივისტებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და დიალოგის სივრცის შექმნაა.
ღონისძიებას, რომელიც ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ხელშეწყობით ჩატარდა, ესწრებოდა საქართველოს 170-ზე მეტი აქტივისტი და თემის ლიდერი. „ლომეკმა“ აქ აუდიტორიის რჩეულის პრიზიც მიიღო, როგორც გასული წლის ყველაზე შთამაგონებელმა ინიციატივამ. ანა გელაშვილი იმედოვნებს, რომ ამ აღიარების შემდეგ უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს თრუსოს ხეობის კულტურული მნიშვნელობის შესახებ და სხვა აქტივისტებსაც შეახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი საქმე.
„ეს აღიარება სასიამოვნოცაა და, ამავე დროს საქმისთვისაცაა მნიშვნელოვანი. ახლა უფრო მეტი შეიტყობს თრუსოს ხეობის მნიშვნელობის შესახებ. ის სხვა აქტივისტებს და თემის ლიდერებსაც შეახსენებს, რომ მათ მიერ გაწეული საქმიანობა ძვირფასია. ხალხი ამას ხედავს და აფასებს – მაშინაც კი, როდესაც მოშორებულ ადგილებში მუშაობ და ბევრი გამოწვევის გადალახვა გიწევს.“
Leave a Reply