არასამთავრობო ორგანიზაციამ შექმნა პროფესიული რე/აბილიტაციის პროგრამა აუტიზმის მქონე ზრდასრულებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაციამ შექმნა  პროფესიული რე/აბილიტაციის პროგრამა აუტიზმის მქონე ზრდასრულებისთვის

აუტიზმი ნეიროგანვითარების დარღვევაა, რომელიც განსხვავებულად ვლინდება ამ დიაგნოზის მქონე პირებში, და უქმნის მათ  გამოწვევებს სხვებთან ურთიერთობაში, კომუნიკაციაში, სწავლასა და ქცევაში. საქართველოში აუტიზმის მქონე პირების მხარდაჭერა წყდება მას შემდეგ, რაც ისინი 18 წლის ხდებიან.  ამ ასაკის შემდეგ ეს ახალგაზრდები რჩებიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის სერვისების გარეშე, რაც მათ პროდუქტიული და შინაარსიანი ზრდასრული ცხოვრების გაგრძელებაში დაეხმარებოდა.

„მყავს ახლო მეგობრები, რომლებიც აუტიზმის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მშობლები არიან და ვიცი, რა სირთულეებს აწყდებიან ყოველდღიური პრობლემების გადაჭრასა და მათი ყოველდღიური რუტინის წარმართვაში. მხოლოდ თბილისში 1500-ზე მეტი პირი სარგებლობს ბავშვების აბილიტაციის სახელმწიფო სერვისით. 18 წლის ასაკის მიღწევისთანავე, ეს სერვისები წყდება, რის შედეგადაც მათი ოჯახები და მათზე მზრუნველი პირები დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რადგან უწევთ სამუშაოზე უარის თქმა და მათი მოვლა.”

მაკა კორძაძე განათლების დამოუკიდებელ კონსულტანტთა კოლეგიის (CIEC) აღმასრულებელი დირექტორია, ამ ორგანიზაციას ქალები ხელმძღვანელობენ და მისი მთავარი მისიაა საქართველოში მოწყვლადი ადამიანთა ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. როგორც მაკა ამბობს, CIEC-მა აუტიზმის მქონე ახალგაზრდების ინტერესების ადვოკატირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მისთვის ცხადი გახდა ის სავალალო შედეგები, რასაც განგრძობითი სერვისების არარსებობა იწვევს როგორც აუტიზმის  მქონე პირებისთვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის.

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, CIEC-მა შეიმუშავა რე/აბილიტაციის მოდელი, რაც აუტიზმის მქონე ახალგაზრდებს ზრდასრულ ასაკში გადასვლაში დაეხმარება. პროგრამა მორგებულია 18 წლის და უფროსი ასაკის აუტიზმის მქონე პირებზე და ითვალისწინებს ყოველდღიური სარეაბილიტაციო ცენტრებიდან და სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამებიდან ზრდასრულთა მომსახურებაზე გადასვლას, ადაპტირებული პროფესიული განათლების ხელშეწყობასა და პროდუქტიული ცხოვრებისათვის საჭირო კომუნიკაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევების განვითარებას.

მოდელის შემუშავების შემდეგ, CIEC-მა წამოიწყო ადვოკატირების კამპანია, რათა მოდელი გაეცნო ძირითადი დაინტერესებული მხარეებისა და გადაწყვეტილების მიმღებთათვის, მათ შორის აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების, ადამიანის უფლებების დამცველთა ჯგუფებისა და სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლებისთვის.

რამდენიმეთვიანი შეხვედრებისა და ადვოკატირების შემდეგ, CIEC-მა 2024 წლის 1 მარტს გამართა გაფართოებული შეხვედრა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. ამ შეხვედრაზე CIEC-მა რამდენიმე სამთავრობო უწყების წარმომადგენლებს, მათ შორის სახალხო დამცველის ოფისს, ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიას წარუდგინა შემუშავებული პროგრამა. შეხვედრაზე სამთავრობო უწყებები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი CIEC-ის ხელმძღვანელობით, რომელიც აუტიზმის მქონე პირების წინაშე მდგარ გამოწვევებს განიხილავს და იმუშავებს აუტიზმის მქონე ზრდასრულთა მხარდაჭერის სერვისების განხორციელებაზე. სახალხო დამცველის აპარატი ასევე დათანხმდა 2024 წლის ყოველწლიურ ანგარიშში შეიტანოს რეკომენდაცია, იმის შესახებ, რომ მთავრობამ დანერგოს აუტიზმის მქონე პირთა დამატებითი მხარდაჭერის პროგრამები.

მაკა აღნიშნავს, რომ ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო გადაწყვეტილების მიმღები პირების უფრო ფართო მხარდაჭერის მოსაპოვებლად და აუტიზმის მქონე ახალგაზრდების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ინკლუზიური პროცესების მეშვეობით.  „საქართველოში, სადაც არ გვაქვს კარგად განვითარებული საქველმოქმედო სისტემა, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის საქმეში მთლიანად დამოკიდებული ვართ სახელმწიფო სერვისებზე. 1 მარტის შეხვედრას ესწრებოდა ყველა შესაბამისი სამთავრობო უწყების წარმომადგენელი, რომელიც ჩართულია აუტიზმის მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერის სქემების ჩამოყალიბებაში. მიგვაჩნია, რომ მათგან მივიღეთ პირველადი მხარდაჭერა და მოუთმენლად ველით მუშაობის  გაგრძელებას, რათა ეს პროგრამა რეალობად ვაქციოთ.”

 

Write a Comment

<