28-29 ივლისს, ”საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ“ საქართველოს წამყვანი ტუროპერატორებისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ტური მოაწყო. ტურის მონაწილეები ლეღვანისა და ფარცხნალის თემებში ახალ ტურისტულ პროდუქტებსა და ობიექტებს გაეცნენ, მოინახულეს ახალი საოჯახო სასტუმროები, აგროტურისტული მეურნეობები და სხვ. ასევე ეწვივნენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ნაწილს.
EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, „საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფ. მარელისში, ლეღვანში და ფარცხნალში ტურისტული სერვისების პოტენციური მომწოდებლები შეარჩია და დაეხმარა მათ ტურისტული პროდუქტების შექმნაში და დახვეწაში. მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, შემუშავდა თემზე დაფუძნებული ტურისტული პროდუქტები: ვიზიტები აგროტურისტულ მეურნეობებში და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების დაგემოვნება, საცხენოსნო ტური, ტრადიციული რეწვის პროდუქტების გაცნობა და სხვ. განახლდა და დაიხვეწა 4 საოჯახო სასტუმრო. გარდა ამისა, „საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ“ სოფ. სახულარში ეკოსოფლის განვითარების კონცეფცია შექმნა, რომელსაც სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს წარუდგენს.
ტურიზმის განვითარება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2018 წლის ოქტომბერში, EWMI ACCESS-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, ადგილობრივებმა სწორედ ეს საკითხი დაასახელეს პრიორიტეტად. 2019 წლის იანვრიდან, EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, „საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია“, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თემების გააქტიურებას და თემზე დაფუძნებული ტურიზმის განვითრებას უწყობს ხელს.
Leave a Reply