რამდენად ასახულია ბავშვის უფლებები პოლიტიკური პარტიების პროგრამებში

რამდენად ასახულია ბავშვის უფლებები პოლიტიკური პარტიების პროგრამებში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბავშვის უფლებების დაცვისა და კეთილდღეობის სფეროში სერიოზული პრობლემებია, ამ საკითხებს პოლიტიკოსების მხრიდან სათანადო ყურადღება არ ეთმობა.

წინასაარჩევნო პროგრამებსა და დებატებში ბავშვთა საკითხების წინა პლანზე წამოწევის  მიზნით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, „კოალიციამ ბავშვებისა და ახალგაზრდობისთვის“, EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, ადვოკატირების კამპანია დაიწყო.

კოალიცია ბავშვის უფლებებზე მომუშავე 49 ორგანიზაციას აერთიანებს. კამპანიის პირველ ეტაპზე, ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემაში არსებული 10 ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის წარმოსაჩენად, მან საინფორმაციო ბროშურები და ინფოგრაფიკები მოამზადა. გარდა ამისა, წინასაარჩევნო პერიოდში, კოალიციის წევრები პოლიტიკურ პარტიებს შეხვდნენ და ბავშვთა საკითხებზე მათ ინდივიდუალური კონსულტაციები გაუწიეს. კონსულტაციებზე შეთავაზებას ხუთი პარტია გამოეხმაურა, კერძოდ: „თავისუფალი დემოკრატები“, „სამართლიანობისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „რესპუბლიკური პარტია“ და „ევროპული საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“.

2021 წლის იანვარში კოალიციამ გამოსცა ანგარიში „ბავშვის უფლებები პოლიტიკური პარტიების პროგრამებში“, რომელშიც პირველად შეაფასა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები ბავშვის უფლებების ასახვის კუთხით. კვლევის ავტორებმა არა მხოლოდ 2020 წლის საარჩევნო სუბიექტების, არამედ 2012 და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების პროგრამებიც გააანალიზეს და ერთმანეთს შეადარეს. როგორც კვლევამ ცხადყო, ბავშვის უფლებები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არასდროს იყო, თუმცა, ამ თემის მიმართ ინტერესი ყოველი მომდევნო არჩევნების დროს ნელ-ნელა იზრდებოდა. თუ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საარჩევნო პროგრამებში მხოლოდ განათლებისა და სოციალური დაცვის სისტემების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები იყო ნახსენები და ისიც – ფრაგმენტულად, 2016 წელს ამ ჩამონათვალს ბავშვთა დაცვის სისტემის საკითხებიც დაემატა. ეს საკითხები კიდევ უფრო გაშლილია 2020 წლის არჩევნებში მონაწილე პარტიების პროგრამებში. მაგალითისთვის, ბავშვთა მიმართ ძალადობა წინა არჩევნების დროს არცერთ პროგრამაში ფიგურირებდა, 2020 წელს კი ეს საკითხი ყველაზე მეტმა საარჩევნო სუბიექტმა დაასახელა პრიორიტეტად ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში.

2020 წლის არჩევნების პერიოდში შესწავლილი 12 პარტიიდან ბავშვთა დაცვის პრობლემები 10 პარტიის პროგრამებში იყო ნახსენები. ორ პოლიტიკურ პარტიას ეს საკითხი ცალკე თავებად ჰქონდა გამოყოფილი. ამ გაუმჯობესების მიუხედავად, პროგრამების უმეტესობაში მხოლოდ პრობლემების აღწერა იყო წარმოდგენილი, მათი გადაჭრის გზებზე კი თითქმის არაფერი იყო ნათქვამი.

კვლევაში ცალკე შეაფასდა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ხედვა ბავშვებთან მიმართებით და გამოვლინდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიები პანდემიის მიერ ბავშვებისთვის მიყენებული ზიანს ვერ აცნობიერებენ და არ იცნობენ იმ საერთაშორისო რეკომენდაციებს, რომლებიც ბავშვთა რეაბილიტაციას და ზიანის შემცირებას უკავშირდება.

კოალიცია არჩევნების შემდეგაც გააგრძელებს ბავშვთა საკითხების ადვოკატირებას და ჩაატარებს პოლიტიკური პარტიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის ფონზე.

Write a Comment

<