ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა

ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა

რუსთავი საქართველოში ატმოსფერული ჰაერის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. ამის მთავარი  მიზეზი ქალაქში არსებული 40-ზე მეტი საწარმოა, რომელთაგან ბევრს ფილტრაციის გამართული სისტემა არ აქვს.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად, EWMI ACCESS-ი უკვე მეორე წელია მხარს უჭერს სამოქალაქო მოძრაობას „გავიგუდეთ“, რომელიც აქტიურად მუშაობს საზოგადოების ინფორმირებაზე, მოქალაქეების მობილიზაციაზე და გარემოსდაცვითი რეგულაციების გაუმჯობესებასა და ეფექტიან აღსრულებაზე.

ჯგუფის ადვოკატირების შედეგად, პარლამენტმა 2021 წელს მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჰაერის დაბინძურების შემთხვევების გამოვლენას, მათ დროულად აღკვეთას და დარღვევის ფაქტებზე რეაგირებას. ცვლილებების თანახმად: ა) ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მონიტორინგი ინსტრუმენტული მეთოდით მოხდება; ბ) გარემოსდაცვით დეპარტამენტს ობიექტის, აგრეგატის, ან/და დანადგარის დალუქვის უფლებამოსილება მიენიჭება და გ) გაიზრდება ჯარიმები ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტი გაზომვის შეუსრულებლობის, ასევე, დაშვებული ნორმების გადაჭარბების  გამო.

ამ ცვლილებების აღსრულება 2021 წლის 1 ივნისიდან იწყება. ახალი რეგულაციები რუსთავში 24 საწარმოს შეეხება. „გავიგუდეთ“ რეგულაციების შესრულების მონიტორინგს პირველივე დღიდან იწყებს.

პარალელურად „გავიგუდეთ“ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებასაც აკვირდება. 31 მაისს გუნდი დაესწრო გეგმის მონიტორინგის ანგარიშის მოსმენას საქართველოს პარლამენტში, სადაც  პირველ საანგარიშო პერიოდში არსებული გამოწვევები და მიღწევები განიხილეს. ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების გეგმა 2020 წლის ოქტომბერში დამტკიცდა და კანონმდებლობის აღსრულებაზე უფრო მეტ კონტროლს, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებას და ქალაქში მწვანე ინფრასტრუქტურის გაზრდას გულისხმობს.

საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართვის მიზნით „გავიგუდეთ“ აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას, ავრცელებს ვიზუალურ მასალას (ვიდეოებს, პოსტერებს), აწყობს გამწვანების აქციებს, ატარებს საჯარო შეხვედრებს და მართავს საინფორმაციო ტურებს რუსთავის საწარმოო ზონებში. ჯგუფის აქტიურობის შედეგად, 2020 წლიდან მოყოლებული რუსთავში ეკომოხალისეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

Write a Comment

<