Dopomoga Ukraini – პლატფორმა საქართველოში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად

Dopomoga Ukraini – პლატფორმა საქართველოში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად

რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, უკრაინის მიმართ სოლიდარობის გაზრდასა და ომის დროს მედეგობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის საინფორმაციო პლატფორმა Dopomoga Ukraini საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან „ისტორიის მცველების” ჯილდოთი დაჯილდოვდა.

Dopomoga Ukraini უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე შეიქმნა და ორი წელია საქართველოში მყოფ უკრაინელებს აწვდის ყოველდღიურად განახლებულ და გადამოწმებულ ინფორმაციას მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, სამედიცინო სერვისების, იურიდიული დახმარების, საცხოვრებლის, განათლების, ფსიქოლოგიური დახმარებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. პლატფორმა აერთიანებს ვებგვერდს და ინსტაგრამის, ტელეგრამის და ფესიბუკის გვერდებსა და ჯგუფს.

დაარსების დღიდან პლატფორმა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით ფუნქციონირებს და უკვე 1300-ზე მეტ უკრაინელს დაეხმარა სხვადასხვა სერვისისა თუ ინფორმაციის მიღებაში, როგორც საინფორმაციო პოსტების, ისე ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციების, პრაქტიკული გზამკვლევებისა და საინფორმაციო რგოლების საშუალებით. Dopomoga Ukraini-ს გვერდებზე 1500-მდე ინფორმაცია გამოქვეყნდა, ვებგვერდის მომხმარებელთა რაოდენობამ კი 80000-ს გადააჭარბა.

როგოც ვებგვერდი, ასევე ფეისბუკის გვერდი თავიდან ორიენტირებული იყო უკრაინელების საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, ახლა კი მიმართულია მათი ინტეგრაციის ხელშეწყობისკენ. ფეისბუქის პლატფორმა ფართო საზოგადოებას აცნობს საქართველოში მყოფ უკრაინელ მეწარმეებს და მათ პროდუქციასა და სერვისებს. ამ პლატფორმაზე ასევე იდება ისტორიები ქართველი მოხალისეების შესახებ, რომლებიც ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ჩაერთნენ საქართველოში უკრაინელების დახმარებაში.

ვულოცავთ ჩვენს პარტნიორს დამსახურებულ ჯილდოს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში!

Related Articles

Write a Comment

<