არასამთავრობო ორგანიზაციების ჯილდო გამჭვირვალობისთვის

არასამთავრობო ორგანიზაციების ჯილდო გამჭვირვალობისთვის

19 დეკემბერს, ფინანსურად ყველაზე გამჭვირვალე ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვლინდა, რომლებსაც სპეციალური პრიზი -,,ჯილდო გამჭვირვალობისთვის” გადაეცათ.ესენი არიან: საერთაშორისი გამჭვირვალობა საქართველო (თბილისი), საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია (თბილისი), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (თბილისი), რეგიონის განვითარების ცენტრი (თელავი), ასოციაცია „ათინათი“ (ზუგდიდი), ორბელიანი საქართველო (თბილისი), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (თბილისი), წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (თბილისი) და სიდა (რუსთავი).

ეს ორგანიზაციები არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის დეკლარაციის ხელმომწერები არიან.  დეკლარაცია 2016 წლის სექტემბერში „სიდას“ და EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით შეიქმნა, და მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს გამოაქვეყნონ ინფორმაცია მათი შემოსავლების და დაფინანსების წყაროების, ასევე მიმდინარე საქმიანობების/პროექტების შესახებ. ამ მიზნით შეიქმნა სპეციალური გვერდი ვებპორტალ www.cso.ge-ზე, სადაც ყველა ორგანიზაციას შეუძლია განათავსოს ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია. დეკლარაციის მიზანია მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ და გაზარდოს საზოგადოების ნდობა სექტორის მიმართ.

2016 წლის სექტემბრიდან 34 არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა ფინანსური გამჭვირვალობის დეკლარაციას, რომელზე ხელმოწერითაც მათ პასუხისმგებლობა აიღეს პროაქტიულად გამოაქვეყნონ ინფორმაცია მათი პროექტების,  დონორების და დაფინანსების რაოდენობის შესახებ. ამ 34 ორგანიზაციიდან 19 დეკემბერს გამოვლინდა ის ცხრა ორგანიზაცია, რომლებმაც ყველაზე ღიად და გამჭვირვალედ გამოაქვეყნეს მათი წლიური ფინანსური მონაცემები და დაფინანსების წყაროები. დაჯილდოების ცერემონია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის საერთო კრებაზე გაიმართა.

Write a Comment

<