არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სასერტიფიკატო სასწავლო პროგრამა
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) იწყებს მონაწილეების მიღებას არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სასერტიფიკატო სასწავლო კურსზე. სასწავლო კურსი განკუთვნილია არამომგებიანი ორგანიზაციების მენეჯერებისთვის და წარმოადგენს შუალედურ ვერსიას გრძელვადიან აკადემიურ პროგრამებსა და მოკლევადიან ტრენინგ კურსებს შორის.
პროგრამა მომზადდა და ტარდება CTC -ის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
პროგრამა სრულად ფინანსდება EWMI ACCESS-ის მიერ და მონაწილეებისათვის უფასოა.
სასწავლო კურსი შედგება შვიდი მოდულისაგან, საიდანაც სამი სავალდებულოა, ოთხი კი არჩევითი:
1) არამომგებიანი ორგანიზაციების ღირებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიული განვითარება (სავალდებულო).
2) არამომგებიანი ორგანიზაციების პროექტების ეფექტური მართვა (სავალდებულო).
3) სოციალური მარკეტინგი და ფონდების მოძიება (სავალდებულო).
4) არამომგებიანი ორგანიზაციის ფინანსების მართვა (არჩევითი).
5) ლიდერობა და თანამონაწილეობა ორგანიზაციის განვითარებისთვის (არჩევითი).
6) ადამიანური რესურსების მართვა (არჩევითი).
7) ადვოკატირება საზოგადოებრივი ცვლილებისათვის (არჩევითი).
კურსს გაუძღვებიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, გამოცდილი ტრენერ-კონსულტანტები და არამომგებიანი სექტორის მოქმედი მენეჯერები.
პროგრამის ხანგრძლივობაა 4-დან 5 თვემდე.
სწავლა დაიწყება 2016 წლის მარტში და დასრულდება ოქტომბერში. ზაფხულის პერიოდში გათვალისწინებულია 2 თვიანი შესვენება. მეცადინეობები ჩატარდება თბილისში, CTC-ის ოფისში, კვირაში ორჯერ საღამოს საათებში, 2.5 საათიან სესიებად. კვირაგამოშვებით გაიმართება დამატებითი სესია შაბათობით.
კურსის მონაწილეები შეირჩევიან ღია კონკურსის საფუძველზე. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ თანდართული განაცხადის ფორმა და გააგზავნონ მისამართზე: vacancy@ctc.org.ge . განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 თებერვალი, 2016.
პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ბმულზე: https://www.scribd.com/doc/297729018/NPM-Manual
Leave a Reply