ზემო სვანეთში დაცული ტერიტორიის შექმნის და ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივები

ზემო სვანეთში დაცული ტერიტორიის შექმნის და ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივები

18 სექტემბერს, EWMI ACCESS-ის ორგანიზებით, მესტიაში გაიმართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მესტიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას და მოსახლეობას შორის. „მწვანე ალტერნატივამ“ და „საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ“ ზემო სვანეთის ქვედა ზონის სოფლებში დაცული ტერიტორიის შექმნის და ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრას ესწრებოდნენ მესტიის, ნაკრას, ჭუბერის და ხაიშის მცხოვრებლები, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები.

წელს „მწვანე ალტერნატივამ“, EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, ჩაატარა კვლევა, რომელშიც ზემო სვანეთის ქვედა ზონის სოფლების ტერიტორიაზე (იდლიანის, ხაიშის, ჭუბერისა და ნაკრას თემები) დაცული ტერიტორიის შექმნის შესაძლებლობა შეაფასა.

ზემო სვანეთის ეს ნაწილი ყველაზე ტყიანია მესტიის მუნიციპალიტეტში. ისტორიულად ტყე თემებისა და გვარების საკუთრება, ხოლო მერქნის მდგრადი მოპოვება ტრადიციული საქმიანობა იყო. მოსახლეობა დღესაც არის დამოკიდებული ტყეში მოპოვებულ მერქნულ რესურსებზე. სახელმწიფო არ ცნობს სათემო საკუთრებას და დღემდე ვერ მოხერხდა ისეთი მოდელის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფდა ტყის ეკოსისტემების მდგრად მართვას ადგილობრივი მიწათსარგებლობის ტრადიციების გათვალისწინებით. არსებული სიტუაციისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე „მწვანე ალტერნატივამ“ მოამზადა კონცეფცია, რომელიც ბუნებრივი/ტყის რესურსების მართვის ყველაზე ოპტიმალურ მოდელად სახელმწიფოს მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნას სთავაზობს. ამ მოდელით ტყის რესურსების მართვაში  ადგილობრივი მოსახლეობა იქნება ჩართული.

მესტიაში შეხვედრაზე სწორედ ეს კონცეფცია განიხილეს. მოსახლეობასთან კონსულტაციების და გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინების შემდეგ, „მწვანე ალტერნატივა“ ამ დოკუმენტს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს წარუდგენს.

„საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის“ წარმომადგენელმა ეკოტურიზმის უპირატესობებზე გაამახვილა ყურადღება და მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ შეიძლება არსებული რესურსებით, დიდი ინვესტიციების გარეშე, ეკოტურისტული პროდუქტების განვითარება; რა გზებით არის შესაძლებელი საჭირო დაფინანსების მოძიება და ა.შ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მოქალაქეებმა ამ საკითხებზე ინდივიდუალური რჩევებიც მიიღეს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ თანამშრომლებმა კი დაინტერესებულ პირებს კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაუწიეს იურიდიული კონსულტაციები.

გამოცდილების გაზიარებისა და კავშირების დამყარების მიზნით, შეხვედრაზე ასევე იყვნენ  „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ და მედიაპორტალ „მთის ამბების“ წარმომადგენლები. „მთის ამბების“ ხელმძღვანელმა აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ადგილობრივ თემებთან მუშაობისა და ადვოკატირების კამპანიების შესახებ საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა და შეხვედრის დამსწრეებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.

Write a Comment

<