სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა საქართველოს მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში

სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა საქართველოს მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში

საქართველოს კანონმდებლობა მუნიციპალიტეტებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სერვისების დანერგვასა და მიწოდებას ავალდებულებს. ამის მიუხედავად, რეგიონებში ბავშვების უმეტესობას სკოლამდელ განათლებაზე ხელი არ მიუწვდება. მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე სურათია.

წალკის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში 5000-ზე მეტი ბავშვი საბავშვო ბაღის გარეშეა დარჩენილი. ამ მუნიციპალიტეტებში უმეტესად  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ცხოვრობენ. საბავშვო ბაღი ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ არცერთ სოფელში არ არის (გამონაკლისია მხოლოდ წალკა, სოფ. კიზილ-კილისა, 26 აღსაზრდელით). დეტალური ინფორმაცია ამ მუნიციპალიტეტებში სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ იხილეთ „მთის ამბების“ რეპორტაჟში.

ამ პრობლემის წარმოჩენისა და მოგვარების მიზნით, „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ და მედიაპორტალი „მთის ამბები“, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანიას ახორციელებენ. „მთის ამბების“  წარმომადგენლებმა წალკის, ბოლნისის, დმანისის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, საჩხერისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების სოფლებში კარდაკარ შეხვედრები ჩაატარეს და მოსახლეობას  მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება მოქალაქეთა ჩართულობის სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით.

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ფუნქციონირების უზრუნველყოფის მოთხოვნით, ტყიბულში უკვე შეგროვდა ხელმოწერები პეტიციაზე რომელსაც ნოემბრის დასაწყისში საკრებულოში წარადგენენ. ბოლნისის, დმანისის და ახალქალაქის სამ სოფელში ამჟამად  გროვდება ხელმოწერები იგივე შინაარსის პეტიციებზე.

პარალელურად, პროექტის გუნდმა 33 მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა ინფორმაცია სამოქალაქო პეტიციების განხილვის პრაქტიკის შესახებ. აღმოჩნდა, რომ ქვემო ქართლში, ფაქტობრივად, არ არსებობს ასეთი გამოცდილება. წალკის საკრებულოს რეგლამენტში ეს საკითხი პროცედურულად მოწესრიგებული არ არის (არ არსებობს ხელმოწერების შეგროვებისთვის განკუთვნილი ბლანკები) და ამაზე ახლა მუშაობენ. დმანისის საკრებულოს რეგლამენტში სამოქალაქო საკითხების განხილვის კონტექსტში პეტიცია საერთოდ არ არის ნახსენები. „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ და „მთის ამბები“ ამ რეგიონებში სამოქალაქო პეტიციების წარდგენის პრეცედენტს შექმნიან და პროცედურული ხარვეზების გამოსწორებაზეც იმუშავებენ.

სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერების მიზნით, „სამოქალაქო აქტივობის ცენტრმა“ ოქტომბერში ორდღიანი ტრენინგი  ჩაატარა პეტიციის შედგენის წესის და მოქალაქეთა ჩართულობის სხვა მექანიზმების შესახებ.

რეგიონებში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის საკითხის აქტუალიზაციისათვის პროექტის ფარგლებში ასევე მზადდება სტატიები და საინფორმაციო ვიდეოები, რომლებიც მომდევნო თვეში გამოქვეყნდება.

Write a Comment

<