მოქალაქეების პროექტების თანადაფინანსების პლატფორმა „ორბელიანი მეტი“

მოქალაქეების პროექტების თანადაფინანსების პლატფორმა „ორბელიანი მეტი“

ბოლო რვა თვეა EWMI ACCESS-ი მხარს უჭერს „ორბელიანი საქართველოს“ სამოქალაქო ინიციატივების თანადაფინანსების ინოვაციურ პლატფორმას orbeianimeti.ge. მოქალაქეებს შეუძლიათ პლატფორმაზე დაარეგისტრირონ საპროექტო იდეები და მათი განხორციელებისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად კამპანია წამოიწყონ. თუ იდეის ავტორები ამ თანხის არანაკლებ ნახევარს მოქალაქეების შემოწირულობებით (crowdfunding) შეაგროვებენ, მეორე ნახევარს „ორბელიანი საქართველო“ EWMI ACCESS-ის დაფინანსებით ავსებს.

ასეთი პლატფორმის შექმნით ორგანიზაციამ – „ორბელიანი საქართველო“ – ქართული რეალობისათვის სრულიად ახალი მიდგომა დანერგა. ნახევარწლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ე.წ. „matchfunding” მეთოდით – როდესაც პროექტისათვის საჭირო თანხის ნაწილი მოქალაქეებისაგან გროვდება, ხოლო ნაწილს დონორი აფინანსებს – თანხის მობილიზება რეალისტურია. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ასეთი მიდგომა ზრდის მოტივაციას, რომ პროექტის შესახებ მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა გაიგოს და მის განხორციელებაში საკუთარი წვლილის შეტანის სურვილი გაუჩნდეს. ეს პროექტის სამომავლო წარმატებისთვის უფრო მყარ საფუძველს ქმნის.

პლატფორმა 2020 წლის ივლისში ამოქმედდა. 1000-ზე მეტი ადამიანის შემოწირულობებითა (ჯამში 30000 ლარზე მეტი შეგროვდა) და EWMI ACCESS-ის თანადაფინანსებით უკვე 13 სამოქალაქო პროექტი ხორციელდება. ყველაზე დიდი დაფინანსება რუსთავში 1 ჰექტარი მიწის ფართობზე ხეების დარგვის ინიციატივამ მოაგროვა  – 6000 ლარი მოქალაქეების შემოწირულობებით, თუმცა, ყველაზე მეტი მხარდამჭერი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფაჩხაში საბავშვო  მოედნის მოწყობას გამოუჩნდა – პროექტის დასაფინანსებლად 245-მა ადამიანმა გაიღო თანხა.

თავიანთი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობის გარდა, პროექტების ავტორებმა მიიღეს ცოდნა და გამოცდილება თანხების მობილიზებასა და მედიაკამპანიის წარმოებაში, რაც მათ სამომავლოდაც დაეხმარება. „ორბელიანი საქართველომ“ მათ ჩაუტარა ტრენინგები, ასევე აქტიურად იყო ჩართული კამპანიების კონტენტისა და ვიზუალური მასალების შექმნაში.

EWMI ACCESS-ის მიერ მხარდაჭერილი თანადაფინანსების პროექტი 15 დეკემბერს დასრულდა, თუმცა, პლატფორმა განაგრძობს ფუნქციონირებას და ახალი იდეებისთვის თანხების მოძიებას. მათ  გასაცნობად და მხარდასაჭერად ეწვიეთ www.orbelianimeti.ge-ს.

Write a Comment

<