არასამთავრობოების და დონორების შეხვედრა / NGO-Donors Meeting

6 ივლისს, 15:00 სთ-ზე, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (გიორგაძის ქ. 1), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ორგანიზებით გაიმართება საქართველოში მოქმედი დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხევდერა ქვემო ქართლის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

შეხვედრაზე დონორი ორგანიზაციები მიმოიხილავენ საკუთარ საგრანტო კონკურსებს, მათ პრიორიტეტებსა და ტექნიკურ მოთხოვნებს და დეტალურად ისაუბრებენ იმ ძირითად პრობლემებსა და ნაკლოვანებებზე, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ საპროექტო განაცხადებში აწყდებიან (მაგ: შერჩეული საკითხის/პრობლემის აქტუალობის არასათანადო დასაბუთება, პრობლემის გადაჭრის არაეფექტიანი გზების შეთავაზება, მოქალაქეთა ჩართულობის უკვე ნაცადი და ნაკლებად წარმატებული ხერხების კვლავ გამეორება, ინოვაციური მიდგომების ნაკლებობა და ა.შ.).

თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ექნებათ შესაძლებლობა, დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები, გამოხატონ მოსაზრებები დონორების საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებით და იმსჯელონ გრანტის მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა თუ გამოწვევებზე.

შეხვედრის მიზანია, რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზიაციებს საჭირო დაფინანსების წარმატებით მოძიებაში და რეგიონისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე უფრო ეფექტიანად მუშაობაში დაეხმაროს.

Categories: