სოციალური ლაბორატორიის“ ფორმატის დისკუსია ქუთაისში

სოციალური ლაბორატორიის“ ფორმატის დისკუსია ქუთაისში

21 მაისს, EWMI ACCESS-მა ქუთაისში გამართა ე.წ. “სოციალური ლაბორატორიის“ ფორმატის დისკუსია, რომელშიც განსხვავებული პროფესიისა და გამოცდილების ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა (ჟურანლისტები, სტუდენტები, მასწავლებლები, კერძო სექტორში დასაქმებულები, არასამთავრობო ორგანიზაციების და ხელოვნების დარგის წარმომადგენლები). „სოციალური ლაბორატორიის“ ფორმატის დისკუსიას ბოლო წლებში სხვადასხვა ტიპის ორგანზაცია აქტიურად იყენებს კომპლექსური პრობლემების გადაჭრის ახლებური და ექსპერიმენტული ხერხების გამოსავლენად და შემდეგ მათ დასატესტად.

ქუთაისში გამართულ დისკუსიაზე მონაწილეებმა სიღრმისეულად გააანალიზეს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევები, და შემდეგ ამ პრობლემების მოგვარების ახლებურ გზებზეც იმსჯელეს. შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებმა ზოგადად შეაფასეს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, ამის შემდეგ კი დისკუსია უფრო კონკრეტულ საკითხებს დაეთმო, კერძოდ: რატომ არიან მოქალაქეები შედარებით ნაკლებად ჩართულები არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობებში; რა ფაქტორები უშლის ხელს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ მისწვდნენ ფართო საზოგადოებას და მათი ნდობა მოიპოვონ; რა სირთულეები ახლავს საერთაშორისო დონორების მიერ დაწესებულ ჩარჩოებს პროექტების განხორციელების პროცესში, და სხვ.

პრობლემის მიზეზების გაანალიზების შემდეგ, მსჯელობა ამ სირთულეების შესაძლო გადაჭრის გზებს დაეთმო: როგორ უნდა შეცვალონ მიდგომები და რა ახლებური მეთოდებით უნდა იმოქმედონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომ მოიპოვონ საზოგადოების ინტერესი და ნდობა მათი საქმიანობის მიმართ? რა თემებია აქტუალური რეგიონში, რომელზეც მუშაობა ფართო საზოგადოების ჩართულობას უზრუნველყოფს? რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება დონორმა ორგანიზაციებმა, და ა.შ.

EWMI ACCESS-ი მადლობას უხდის შეხვედრის მონაწილეებს დისკუსიაში მონაწილეობისთვის. შეხევდრაზე გამოთქმულ მოსაზრებებს და რეკომდენაციებს ACCESS-ი მომავალი საგრანტო კონკურსის დაგეგმვისას აუცილებლად გაითვალისწინებს.

ACCESS-ის პროექტის ზოგადი მიზანი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მოქალაქეების ნდობის ამაღლებაა. ეს შეხვედრა სწორედ ამ ზოგადი მიზნის მისაღწევად ახლებური გზებისა და მეთოდების გამოსავლენად ჩატარდა.

Write a Comment

<