ონლაინ ტრენინგ კურსი „სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე“

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC), EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, შექმნა ონლაინ კურსი – „სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე“, რომელიც მიზნად ისახავს სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შემთხვევების პრევენციას და მის წინააღმდეგ ეფექტიანი შიდაორგანიზაციული პოლიტიკის შემუშავებას. კურსი, ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და მათი საჭიროებების გათვალისწინებით მომზადდა, თუმცა მისი გავლა შეუძლია ნებისმიერ პირს, ვისაც სურს ორგანიზაციაში ჯანსაღი და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემო დანერგოს.

კურსი თვითმართულია (self-paced) და სამი მოდულისაგან შედგება. პირველი მოდული სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ ძირითად ტერმინებსა და ცნებებს განმარტავს და კონკრეტული მაგალითებისა და სავარჯიშოების საშუალებით, წარმოაჩენს სამუშაო გარემოში სექსუალური შევიწროების შესაძლო ფორმებს. მეორე მოდულში დეტალურადაა განხილული სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო ჩარჩო და ის სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც მსხვერპლს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენაში ეხმარება. კურსის მესამე მოდული კი მოიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ორგანიზაციაში სექსუალური შევიწროების შემთხვევების პრევენცია, გამოვლენა და მათზე რეაგირება. კურსს თან ახლავს დამატებითი სასწავლო მასალა და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკის დოკუმენტებისა და საჩივრის ფორმის ნიმუშები.

ონლაინ კურსი საპილოტე რეჟიმში რამდენიმე ექსპერტმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ გაიარა და მათგან დადებითი შეფასებები მიიღო. მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, კურსი მნიშვნელოვან, სიღრმისეულ და პრაქტიკულ ინფორმაციას იძლევა სამუშაო ადგილზე და კონკრეტულად, არასამთავრობო სექტორში სექსუალური შევიწროების პრევენციის თემაზე.

ტრენინგ კურსი დაფინანსებულია EWMI ACCESS-ის მიერ და მასში მონაწილეობა ღია და უფასოა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები ონლაინ სერტიფიკატს მიიღებენ.

Related Articles

Write a Comment

<