საჯარო დისკუსია „უმაღლესი სასწავლებლების ავტონომია: არსებული გამოწვევები და გადაწყვეტის გზები“

საჯარო დისკუსია „უმაღლესი სასწავლებლების ავტონომია: არსებული გამოწვევები და გადაწყვეტის გზები“

ბოლო დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულმა მოვლენებმა – სტუდენტების პროტესტმა და მათ მიერ წარმოჭრილმა პრობლემება – საზოგადოების დღის წესრიგში კვლავ დააყენა უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის საკითხი. პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, 30 მარტს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის პროექტმა  უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის საკითხებზე საჯარო დისკუსია გამართა. დისკუსიის მიზანი დაინტერესებულ მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა და გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზების განსაზღვრა იყო. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ხელისუფლების, უმაღლესი სასწავლებლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სტუდენტური ჯგუფების წარმომადგენლები.

შეხვედრის დასაწყისში თავისუფალი უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა უნივერსიტეტების ავტონომიურობის შემაფერხებელ საკანონმდებლო ჩარჩოზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების სამართლებრივი სტატუსი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფოს მათ საქმიანობაში  ჩარევის შესაძლებლობას აძლევს.  სახელმწიფო უფლებამოსილია, გააუქმოს სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

ილიაუნის რექტორმა უნივერსიტეტების ავტონომიურობის კუთხით ბოლო წლების მოვლენების მოკლე მიმოხილვა გააკეთა და აღნიშნა, რომ 2013 წლის შემდეგ სახელმწიფოს უნივერიტეტების საქმიანობაში ჩარევის ბევრად ნაკლები ბერკეტი  აქვს. ადრე სახელმწიფოს  ჰქონდა ცდუნება, რომ ეკონტროლებინა რექტორი და ამ გზით ეკონტროლებინა უნივერსიტეტი. ახ3ალი კანონით რექტორი დასუსტებულია და უნივერსიტეტში რამდენიემე მმართველობითი რგოლი მოქმედებს (აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, კანცლერი, სენატი და სხვ.). დღეს სახელმწიფოს გავლენა უმაღლეს სასწავლებლებზე დრამატული არ არის, თუმცა არის ამის მცდელობები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს წითელი ხაზები, რასაც სახელმწიფო არ გასცდება. რექტორის თქმით,  საქართველოში მოქმედებს რექტორთა საბჭო, რომლის არსიც უნივერსიტეტების ინტერესების არტიკულაციის ჰორიზონტალური მექანიზმის შექმნა უნდა იყოს, თუმცა ამ საბჭოს სხდომებს განათლების სამინისტრო იწვევს და ეს საბჭო დამოუკიდებლად არ მოქმედებს, რაც, პირველ რიგში, ისევ საბჭოს ბრალია.

სტუდენტური მოძრაობა – „აუდიტორია 115“-ის წევრმებმა  თსუ-ის აკადემიური საბჭოსა და რექტორის არჩევის წესის შეცვლისა და სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმის აუცილებლობაზე ილაპარაკეს. მათი თქმით, აკადემიური საბჭოს მეტი ლეგიტიმაციისთვის აუცილებელია, გაიზარდოს მისი  წევრების რაოდენობა. სუტდენტური თვითმმართველობა უნდა წარმოადგენდეს ყველა სტუდენტურ ჯგუფს და იცავდეს მათ ინტერესებს. ამჟამად სტუდენტები  ვერ ახდენენ გავლენას უნივერსიტეტში გადაწყვეტილებების მიღებაზე და იძულებულები არიან, თავიანთი უფლებების დასაცავად დემონსტრაციებს და აქციებს მიმართონ. სიტუაცია შეიცვლება, როცა სტუდენტებს ეყოლებათ თავიანთი წარმომადგენლები როგორც ყველა ფაკულტეტის, ისე სენატის დონეზე. სტუდენტებმა ასევე აღნიშნეს, რომ სტუდენტური თვითმმართველობა არ  უნდა იყოს ერთადერთი სტუდენტური გაერთიანება, რომელიც უნივერსიტეტიდან დაფინანსებას იღებს. სტუდენტური ინიციატივების დაფინანსება უნდა ხდებოდე4ს კონკურსის წესით და ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა სტუდენტურ კლუბს უნდა შეეძლოს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის პროგრამის ხელმძღვანელმა, უმაღლეს სასწავლებლებში ე.წ. „ოდეერების“ არსებობის სამართველბრივ საფუძვლებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, 2015 წლის აგვისტოს საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ოდეერების უნივერსიტეტებში ყოფნის არანაირი სამართლებრივი საფუძველი ა
რ არსებობს, თუმცა, არავინ იცის, გაიწვიეს თუ არა მანამდე არსებული „ოდეერები“ უნივერსიტეტებიდან. პრობლემას ამწვავებს ის, რომ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის სამოქალაქო მონიტორინგი ფაქტობრივად შეუძლებელია, ვინაიდან ეს საქმიანობა მთლიანად გასაიდუმლოებულია. კონტროლის ერთადერთი საშუალება არის პარლამენტში არსებული ე.წ. ნდობის ჯგუფი, რომელიც დღემდე ამ საკითხით არ დაინტერესებულა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში განაცხადა,  რომ საქართველოში უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურობის ხარისხი, საერთაშორისო კვლევებისა და რეიტინგების თანახმად, საშუალოზე მაღალია. დღეს მთავრობა არ ერევა უნივერსიტეტების ავტონომიასა და აკადემიურ საქმიანობაში; თსუ-სა და ილიაუნის რექტორების არჩევა სახელმწიფოსგან ჩაურევლად მოხდა. თავისუფალი აკადემიური სივრცის უზრუნველყოფისთვის სამინისტრომ შექმნა რექტორთა საბჭო, რომელთანაც რეგულარულად გადის კონსულტაციას. მინისტრის მოადგილემ ყურადღება ორ პრობლემაზე გაამახვილა – „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის ნაკლოვანებებზე, რომელიც ზედმეტად ინსტრუქციული და არა ჩარჩო ხასიათისაა და ვაუჩერებზე მიბმულ დაფინანსების სისტემაზე, რის გამოც უნივერსიტეტები არ არიან საკმარისად დაინტერესებულები ხარისხის გაზრდით. ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით სამინისტრო გეგმავს დაიწყოს მუშაობა განათლების ძირეულად ახალ კოდექსზე, ხოლო 2017 წლიდან აამოქმედებს აკრედიტაციისა და დაფინანსების ახალ სისტემას. ზოგადად, სახელმწიფო განსაკუთრებულ აქცენტს ხარისხის კონტროლზე გააკეთებს. მინისტრის მოადგილემ თსუ-ში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო არ აპირებს ამ საკითხში პირდაპირ ჩარევას და   მხოლოდ  მედიატორის ფუნქციას შეასრულებს.

შეხვდერის მონაწილეების აზრით,  უნივერსიტეტებში მმართველობის დეცენტრალიზაცია ფაკულტეტების დონეზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა რეალური ავტონომიის მისაღწევად. რაც უფრო მეტად დეცენტრალიზებული იქნება უნივერსიტეტი, მით უფრო ნაკლებად გახდება ის ერთი პირის ან მცირე ჯგუფის გავლენის მსხვერპლი.

ACCESS-ი მომავალშიც განაგრძობს დისკუსიებს უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურობის საკითხზე სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით,

2   5 6 8

 

Related Articles

Write a Comment

<