„შეხვედრის ადგილი“ დმანისში

„შეხვედრის ადგილი“ დმანისში

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, დმანისის საინიციატივო ჯგუფი ადგილობრივი მოსახლეობის მხარდასაჭერად, ერთი წლის განმავლობაში 50-ზე მეტ სხვადასხვა სახის სამოქალაქო ჩართულობის აქტივობას განახორციელებს.

ოქტომბერში, მუნიციპალიტეტის 8 სოფელში (გორა, სარკინეთი, შახმარლო, ზემო ყარაბულაღი, ახალი გედაგდაღი, ყიზილქილისა, ზემო ოროზმანი, პირველი სალამალექი), ღია კონკურსით შერჩეული რეჟისორის მიერ დადგმული სპექტაკლი – ჰაროლდ პინტერის „მთის ენა“ გაიმართა. ბოლო, მე-9 წარმოდგენა ქალაქ დმანისში, საავადმყოფოს ძველ შენობაში ჩატარდა, სადაც ნანგრევებად ქცეული შენობა მასშტაბურ სცენად გარდაიქმნა.

პროექტის ფარგლებში დმანისის მოსახლეობა კიდევ მრავალ სოციალურ-კულტურულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. თეატრის და ხელოვნების სხვა ფორმების გამოყენებით მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, გამოკვეთონ და ისაუბრონ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან სოციალურ თემებზე და ხელი შეუწყონ საჭირო ცვლილებების ინიცირებას.

პარალელურად, დმანისის საინიციატივო ჯგუფმა ქ. დმანისში ალტერნატიული (სახალხო) კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის „შეხვედრის ადგილის“ ასაშენებლად თანხების შეგროვება დაიწყო. პირველად დმანისის ისტორიაში სახალხო დაფინანსებით აშენდება სოციალური სივრცე, რომელიც დამანისელებს იმ სიკეთესა და შესაძლებლობებს შესთავაზებს, რაზეც მათ დღეს ხელი არ მიუწვდებათ, ესენია: თეატრალური წარმოდგენები აქტუალურ თემებზე, კინოჩვენებები, ტრენინგები, ახალგაზრდული ცენტრი, სადისკუსიო სივრცე, სოციალური კაფე და ბიბლიოთეკა. ეს იქნება შეხვედრის ადგილი ყველა ასაკის და სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მიიღებენ და გააზიარებენ  ახალ ცოდნასა და უნარებს, შეიძენენ მეგობრებს და თანამოაზრეებს და გააქტიურდებიან დმანისისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად.

„შეხვედრის ადგილის“ ასაშენებლად და მოსაწყობად 20,000 ლარია საჭირო. თუ გსურთ ამ იდეის მხარდაჭერა, ეწვიეთ ამ ბმულს.

Related Articles

Write a Comment

<