პანდემიის გავლენა სკოლამდელ დაწესებულებებზე საქართველოში – კვლევის შედეგების პრეზენტაცია

პანდემიის გავლენა სკოლამდელ დაწესებულებებზე საქართველოში – კვლევის შედეგების პრეზენტაცია

14 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ  Civitas Georgica კვლევის „პანდემიის გავლენა სკოლამდელ განათლებაზე საქართველოში“ საბოლოო შედეგები წარადგინა. დოკუმენტი  COVID-19-ის კრიზისზე საპასუხო პოლიტიკას და რეგულაციებს მიმოიხილავს, ასევე აღწერს იმ პრობლემებს, რაც მშობლებს, ბავშვებს და  პედაგოგებს საბავშვო ბაღების დახურვის გამო შეექმნათ. საკვლევი პერიოდის განმავლობაში (მარტი, 2020 – მარტი 2021) საბავშვო ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 6 კვირა ფუნქციონირებდნენ.

კვლევის ფარგლებში 2400-მდე მშობელი და 475 საბავშვო ბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენელი გამოიკითხა (როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღებიდან), ჩატარდა ინტერვიურები ექსპერტებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან. საბოლოო შედეგები ცხადყოფს, რომ უწყებათაშორისი  საკოორდინაციო საბჭოსთვის სკოლამდელი განათლება ყველაზე ნაკლებად პრიორიტეტული იყო. საბავშვო ბაღების გახსნისთვის საჭირო რეგულაციები ერთ-ერთი ყველაზე ბოლოს (2020 წლის 1 სექტემბერს) გამოქვეყნდა, ისიც მხოლოდ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს ითვალისწინებდა და სკოლამდელი და ადრეული განათლების ასპექტებს სრულად უგულებელყოფდა. რეგულაციების შემუშავებაში არ იყვნენ ჩართულები ადრეული განვითარების სპეციალისტები, შესაბამისად, ზოგიერთი რეგულაცია (მაგ: ბავშვებს შორის დისტანციის დაცვა, ნივთების თხოვების აკრძალვა, მშობლების ბაღის ტერიტორიაზე არდაშვება) ბავშვების სოციალიზაციასა და განვითარების საჭიროებებს ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, ამ რეგულაციების დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა – ბაღების მხოლოდ 15% მიიჩნევს, რომ ყველა რეკომენდაცია შესრულებადია.

დამატებით პრობლემები შექმნა საბავშვო ბაღების მიმართ ერთგვაროვანმა მიდგომამ, როდესაც ბაღის ზომის, ეპიდზონის თუ სხვა განსხვავების მიუხედავად, ყველა ბაღი ერთდროულად დაიხურა და გაიხსნა.

მიუხედავად იმისა, რომ დახურვის პერიოდში ბაღების უმეტესობა დისტანციურ სწავლებას ეწეოდა, გამოკითხული ბაღების 92%-ს ამ მხრივ მეთოდური მითითებები არ მიუღია.

საკვლევ პერიოდში 23-მა მუნიციპალიტეტმა პანდემიის გამო ჯამში 4 მილიონ ლარამდე დაზოგა. მიუხდავად იმისა, რომ გამოკითხული ბაღების უმეტესობას უამრავი საჭიროება აქვს, დაზოგილი თანხა მთლიანად დაუბრუნდა ცენტრალურ ბიუჯეტს და საბავშო ბაღებს არაფერი მოხმარდა.

პრობლემების აღწერის გარდა, კვლევის ავტორები პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის და ამავდროულად ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებსაც გვთავაზობენ.

კვლევის პრეზენტაციის ჩანაწერი იხილეთ ამ ბმულზე. კვლევა EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით ჩატარდა.

Related Articles

Write a Comment

<