მთის სათემო ორგანიზაციების ფორუმი

მთის სათემო ორგანიზაციების ფორუმი

EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ 22-23 ოქტომბერს ქ. თელავში მაღალმთიანი რეგიონების სათემო ორგანიზაციების პირველი ფორუმი გამართა. ფორუმს ესწრებოდნენ თუშეთის, პანკისის, ფშავის, ხევსურეთის, მთიულეთის და გაუდამაყრის სათემო ორგანიზაციები. მათ მაღალმთიან დასახლებებში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდისა და მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობებზე იმსჯელეს და რეგიონებისთვის ყველაზე პრიორიტეტული საკითხები გამოკვეთეს. პრობლემები ძირითადად ეხება ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის განვითარებას, ჯანდაცვისა და განათლების სერვისების ხელმისაწვდომობას, ჰესების მშენებლობას, ასევე ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. ორგანიზაციებმა ამ პრობლემების მოგვარებისთვის შემდომ ერთობლივ ნაბიჯებზეც იმსჯელეს.

ფორუმს ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები. საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელმა ფორუმის მონაწილეებს არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის პროექტი წარუდგინა და  ისაუბრა, თუ რა სარგებელს მოუტანს პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას.

ფორუმის მეორე დღეს მონაწილეებმა კოალიციური პროექტის კონცეფცია მოამზადეს, რომელიც ექვსივე მაღალმთიან რეგიონში ტურიზმის განვითარებასა და მასში ახალგაზრდების ჩართვას შეუწყობს ხელს. პროექტის კონცეფციას  „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ დაფინანსებისთვის სხვადასხვა დონორს წარუდგენს.

ფორუმი სათემო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა. ფორუმში მონაწილეობდნენ თუშეთის სათემო საბჭო, თუშეთის განვითარების ფონდი,  პანკისის უხუცესთა კავშირი, პანკისის ქალთა საბჭო, და მთის სათემო ქსელი (ფშავ-ხევსურეთის, მთიულეთისა და გუდამაყრის ხეობის სათემო ორგანიზაცია).

Write a Comment

Leave a Reply

<