არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები ჯავახეთის სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ

არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები ჯავახეთის სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ

საქართველოს რეგიონების, განსაკუთრებით კი მაღალმთიანი და ცენტრიდან დაშორებული რეგიონების მოსახლეობის პრობლემები და საჭიროებები ნაკლებად ცნობილი და აქტუალურია ცენტრალურ დონეზე. არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მჭიდრო კავშირის დასამყარებლად, ასევე ამ რეგიონების მოსახლეობის პირველადი საჭიროებების გამოსავლენად და მათი ინტერესების დასაცავად, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების პროგრამა რეგულარულად ჩადის ამ რეგიონებში და მოსახლეობასთან არაფორმალურ გარემოში ღია შეხვედრებს მართავს.

1-3 ოქტომბერს, პროგრამის ინიციატივით და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან – „წინ ახალი შესაძლებლობებისკენ“ და „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ – თანამშრომლობით, ასეთი შეხვედრები ნინოწმინდის და ახალქალაქის ხუთ სოფელში (ფარავანი, სპასოვკა, კარტიკამი, ვაჩიანი, ხულგუმო) და ორ ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები თბილისიდან და რეგიონებიდან.

შეხვედრებზე საკმაოდ ბევრი პრობლემა გამოიკვეთა. ის პრობლემები, რაც სოფლებს აერთიანებთ, არის: სასკოლო ინფრასტრუქტურის პრობლემა (მაგ: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარავანში სკოლის ავარიულობის გამო, ალტერნატიულ სივრცეში გადასული სასწავლო პროცესი სამ ცვლაში მიმდინარეობს. სკოლაში გაკვეთილები 08:30 საათზე იწყება და 20:00 საათზე სრულდება); სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ნაკლებობა (ზემოთჩამოთვლილი სოფლებიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ სოფელ ხულგულოშია, თუმცა ისიც ბავშვის განვითარებისათვის საჭირო აუცილებელ პირობებს ვერ აკმაყოფილებს); სახელმწიფო ენის არცოდნით გამოწვეული ადმინისტრაციული ბარიერები; მოსახლეობის რთული ეკონომიკური მდგომარეობა და მზარდი მიგრაცია; მიწის რეგისტრაციის პრობლემა, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებსა და საძოვრებზე არათანაბარი წვდომის პრობლემა – როცა რამდენიმე ადამიანი ფლობს მიწის რესურსების უდიდეს ნაწილს, მოსახლეობის უმრავლესობას კი მასზე ხელი არ მიუწვდება; სოფლის ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი; სხვადასხვა სოფელში, განსაკუთრებით კი – ვაჩიანში, კარტიკამსა და  ფარავანში მოსახლეობის ნაწილს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, მათ აქვთ ბინადრობის უფლება და გარკვეულ სერვისებზე წვდომა, თუმცა არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებენ.

USAID-ის პროგრამასთან „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ თანამშრომლობით ნინოწმინდის და ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრებში გამართულ შეხვედრებზე სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან ერთად იმსჯელეს სასკოლო გამოწვევებზე, სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობასა და ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე. ცენტრებში შეხვედრებს უძღვებოდნენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი მანუშაკ მკრტიჩიან, ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ ხელმძღვანელი მეგი კავთუაშვილი, და სამოქალაქო აქტივისტები ჰარუთ მალხასიან და აითაჯ ხალილლი.

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა ამ სოფლების მოსახლეობას პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება.

Related Articles

Write a Comment

<