სამოქალაქო კამპანია სოფელ ამღის გადასარჩენად

სამოქალაქო კამპანია სოფელ ამღის გადასარჩენად

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ და მედიაპორტალი „მთის ამბები“, EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის ინტერესების დაცვის პროექტს ახორციელებენ. პროექტის ფარგლებში „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ და „მთის ამბები“ სიღრმისეულად სწავლობენ მთის პრობლემებს, ამის შესახებ საინტერესო მედიამასალას ქმნიან და შემდეგ პრობლემების მოგვარების მიზნით ადვოკატირების კამპანიებს ახორციელებენ.

ერთ–ერთი ასეთი კამპანია ხევსურეთში სოფ. ამღის გადასარჩენად „მთის ამბებმა“ ივლისის ბოლოს დაიწყო. ამღა არხოტის ხეობის (პირიქითა ხევსურეთი) ბოლო სოფელია, საქართველო-რუსეთის საზღვართან. სოფელში მუდმივად მხოლოდ ორი ოჯახი ცხოვრობს და სულ 20-მდე ნაგებობაა, აქედან ექვსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამღის რეაბილიტაცია საზღვრისპირა სოფელში მოსახლეობას დააბრუნებს, განავითარებს ტურიზმს და ხალხს შემოსავლის წყაროს მისცემს, ქვეყანას კი ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას შემოუნახავს.

სოფელ ამღის კომპლექსური რეაბილიტაციის მოთხოვნით „მთის ამბებმა“ პეტიცია 24 ივლისს გაავრცელა და 1000 ხელმოწერა ერთ დღეში შეაგროვა. პეტიცია განსახილველად საქართველოს მთავრობას წარედგინა. გარდა ამისა, “მთის ამბებმა” გაავრცელა მოკლე ვიდეოები ჰეშთეგით #გადავარჩინოთამღა, რომლებშიც ხევსურეთის მკვიდრები, ასევე ცნობილი ისტორიკოსები და მწერლები საუბრობენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სოფლის გადარჩენა ქვეყნის კულტურული და ისტორიული მემკვირდეობის შესანარჩუნებლად. ვიდეოებმა, რომლებიც „მთის ამბების“ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში გავრცელდა,  მთავრობისა და ფართო საზოგადოების ყურადღება მოიპოვა – 15 აგვისტოს ამღას საქართველოს პრემიერმინისტრი ეწვია, რომელიც ადგილობრივებს ამღაში 20–მდე შენობის რეაბილიტაციას და არხოტის ხეობის დაზიანებული ჰესის აღდგენას დაჰპირდა. პრემიერმინისტრის თქმით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია რეაბილიტაციის თანხები.

„სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ და „მთის ამბები“ კვლავ აგრძელებენ მაღალმთიანი სოფლების გაძლიერებას და პოპულარიზაციას. ამ მიზნით, 31 აგვისტოს ამღაში პირველი მთის ფესტივალი გაიმართება.

Write a Comment

<