ახალი პროექტები ურბანული განვითარების საკითხებზე

ახალი პროექტები ურბანული განვითარების საკითხებზე

ივნისში EWMI ACCESS-ის დაფინანსებით ახალი პროექტები იწყება, რომლების მიზანია ქვეყანაში არსებული ურბანული გამოწვევების გადაწყვეტა და ამ სფეროში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა. ესენია:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), პროექტი „თბილისში კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“, რომლის მიზანია თბილისის განვითარებაზე პასუხისმგებელი ძირითადი ერთეულის – ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ მუშაობის გამჭირვალობის და ანგარიშვალედბულების გაზრდა, და ამით თბილისში კულტურული მემკვიდრეობის უკეთ დაცვა. ამ მიზნით, „საია“ განახორციელებს „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმიანობის მონიტორინგს (ფონდის საქმიანობის შესაბამისობა კანონთან, ხარჯვები, ფონდის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა და ა.შ.). ა/ო „თბილისის ჰამქართან“ თანამშრომლობით შეფასდება ფონდის მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები და გამოყენებული მეთოდოლოგია. მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით „საია“ მოამზადებს კონკრეტულ რეკომენდაციებს და მოახდენს მათ ადვოკატირებას. საზოგადოების დაინტერესებისა და მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, „საია“ ჩაატარებს ინტენსიურ საინფორმაციო კამპანიას ტელევიზიის და სოციალური მედიის საშუალებით, ასევე მოაწყობს ფესტივალებს, ფოტო-გამოფენებს, კარდაკარ შეხვედრებს ისტორიულ უბნებში მცხოვრებ მოსახელობასთან, საჭიროების შემთვევაში ორგანიზებას გაუკეთებს პეტიციებს და ა.შ.
  • ბათომი, პროექტი „ ბათუმში მდგრადი ურბანული განვითარების მხარდაჭერა“ მიზნად ისახავს ბათუმში ისტორიული ქალაქის ადეკვატური, ძეგლთა დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავებას და დანერგვას; ამ პოლიტიკის, შესაბამისი რეგულაციების და ისტორიული ქალაქის მართვის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ სახელმწიფო მოხელეების ინფორმირებას ტრენინგების და კონსულტაციების გზით. მოქალაქეების დაინტერესების მიზნით „ბათომი“ მოიზიდავს მოხალისეებს, გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს და ლექციებს, განახორციელებს აქტიურ მედიაკამპანიას როგორც ტელევიზიით, ასევე სოციალური მედიის საშუალებით, შექმნის და გაავრცელებს საინტერესო ვიზუალურ მასალას და ა.შ.
  • თბილისის არქიტექტურის ბიენალე, პროექტი „ ქალაქი ახლოდან – თბილისის რეკრეაციული და სამშენებლო რეგულაციების ხელახალი გააზრება“. პროექტის მიზანია პოლიტიკოსების და მოქალაქეების ინფორმირება თბილისის  ურბანულ გამოწვევებზე, მიზეზებზე და გადაჭრის შესაძლო გზებზე; ასევე, თბილისის მოსახლეობის გააქტიურება  ამ მიმართულებით. პროექტის გუნდი სიღრმისეულად შეისწავლის თბილისში რეკრეაციული ზონების რეგულაციებს, სამშენებლო საქმიანობის შესახებ კანონმდებლობას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკას, ქალაქის ურბანული მმართველობის სისტემას და ა.შ. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, შემუშავდება რეალისტური რეკომენდაციები, რომლებსაც განიხილავენ ექსპერტები, თვითმმართველობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები. კვლევაზე დაყრდნობით მომზადდება მრავალფეროვანი მულტიმედია მასალა (ვიდეოკლიპები, დიგიტალური ისტორიები, მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები და სხვ.), რომლებიც გაშუქდება „არტარეაზე“, ასევე ეროვნულ და რეგიონულ ტელეარხებზე, ჟურნალ „ინდიგოში“ და სხვადასვა ონლაინპლატფორმაზე, ასევე მოეწყობა სახალხო ჩვენებები. დოკუმენტურ მასალაში ნაჩვენები იქნება, თუ როგორ უწვეთ თბილისის ბინადრებს ურბანულ პრობლემებთან გამკლავება  და რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემების მოსაგვარებლად.
  • საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის, პროექტი  “პასუხისმგებლიანი ინიციატივების გაძლიერება სუფთა ჰაერისთვის”გააგრძელებს ადვოკატირებას საგზაო უსაფრთხოების სფეროში რეფორმების მხარდასაჭერად და ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების დონის შესამცირებლად.  პროექტის ფარგლებში მოხდება ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი და შეფასება, კერძოდ: ჩატარდება  სამაგიდო კვლევა, მოხდება თბილისში და რეგიონებში ინსპექტირების პროცესზე უშუალო დაკვირვება, ჩატარდება ფოკუს-ჯგუფები მძღოლებთან, ინტერვიუები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან. ორგანიზაცია ასევე მოიძიებს ჰაერის  ხარისხის შემოწმების შედეგებს და შეეცდება დაადგინოს, თუ რა გავლენა აქვს პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ჰაერის დაბინძურების დონეზე. კვლევის შედეგად შემუშავდება რეკომენდაციების პაკეტი, რომელსაც შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს წარუდგენენ.

 

Write a Comment

Leave a Reply

<