საქართველოს სკოლებში ჯანმრთელობისთვის მავნე საკვებით ვაჭრობა აიკრძალა

საქართველოს სკოლებში ჯანმრთელობისთვის მავნე საკვებით ვაჭრობა აიკრძალა

სასკოლო კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოს განათლების სისტემაში. მოსწავლეების უმეტესობა  სკოლაში ყოფნისას ან საერთოდ არ იკვებება (UNICEF-ის 2023 წელს გამოქვეყნებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის მიხედვით სასკოლო საათებში ყოველდღიურად იკვებება ბავშვების  27%, ხოლო არასდროს არ იკვებება ბავშვების 35%), ან საკვებს სკოლის ბუფეტში ყიდულობს, სადაც ძირითადად  დაბალი ხარისხის და ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქტები იყიდება  (შოკოლადი,  კანფეტები, ჩიფსები, ტკბილი გაზიანი სასმელები და სხვ.),

სკოლებში ჯანსაღი კვების და სასკოლო პროგრამის დანერგვის მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციები – მშობლები განათლებისთვის და განათლების კოალიცია ადვოკატირების კამპანიებს USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებენ.

25 სექტემბერს ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ შეადგინა პეტიცია სახელწოდებით „ჯანსაღი კვება ყველა მოსწავლეს“ და 10,000 ხელმოწერა სამ კვირაში შეაგროვა. ამის შემდეგ, მშობელთა საინიციატივო ჯგუფთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდა და სკოლებში არსებული პრობლემები, მათ შორის სასკოლო კვების პრობლემა განიხილა. 24 ნოემბერს კი  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, რითიც აიკრძალა სკოლებში ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქტებით ვაჭრობა, ასევე განისაზღვრა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები სკოლებში არსებული კვების ობიექტებისა და ამ ობიექტებში დასაქმებული თანამშრომლების მიმართ. ამავე დოკუმენტით განისაზღვრა მონიტორინგის მექანიზმიც, რომელშიც ჩართული იქნებიან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ექიმი და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ბრძანება 24 ნოემბერსვე შევიდა ძალაში.

კამპანიის მეორე მოთხოვნაა საზოგადოების ჩართულობით სასკოლო კვების სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და დანერგვა. არაერთი კვლევით დამტკიცდა, რომ უფასო სასკოლო კვება ხელს უწყობს როგორც მოსწავლის ფიზიკურ ჯანმრთელობას, ასევე მის ემოციურ და კოგნიტურ განვითარებას და აუმჯობესებს აკადემიურ მოსწრებას.

„განათლების კოალიცია“ და „მშობლები განათლებისთვის“ აქტიურად მუშაობენ  სასკოლო კვების მნიშვნელობის შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირების და ჩართულობის გასაზრდელად.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<