სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) 2023 წელს საჯარო სკოლებში დირექტორთა კონკურსზე დარეგისტრირებული კანდიდატების მონაცემები გააანალიზა, რათა დაედგინა, თუ რამდენად კონკურენტულ გარემოში ხდება დირექტორების არჩევა.
როგორც ანალიზმა ცხადყო, 2023 წელს საჯარო სკოლების დირექტორების შერჩევა კონკურენტულ გარემოში სკოლების მხოლოდ 18,4%-ში ხდება, 43.1%-ში მხოლოდ ერთი კანდიდატია, 38,5%-ს კი სერტიფიცირებული დირექტორი არ ეყოლება, ვინაიდან ამ სკოლებში გამოცხადებულ კონკურსზე არცერთ სერტიფიცირებულ კანდიდატს არ გაუკეთებია განაცხადი.
მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება დასახლების ტიპის მიხედვით: სკოლის დირექტორების არჩევა კონკურენტულ გარემოში ქალაქის სკოლების 47%-ში მიმდინარეობს, სოფლის/დაბის/თემის ტიპის დასახლებების სკოლებში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 10%-ია. დირექტორობის კანდიდატი რეგისტრირებული არ არის ქალაქის სკოლების 9%-ში, სოფლის/დაბის/თემის ტიპის დასახლებების სკოლებში კი ეს მაჩვენებელი 47%-ია. რაც შეეხება სკოლებს, სადაც მხოლოდ ერთი კანდიდატია რეგისტრირებული, ამ მხრივ ქალაქებისა და სოფლის/დაბის/თემის სკოლების მონაცემები თითქმის არ განსხვავდება (ქალაქი – 44%, სოფელი – 43%).
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ანალიტიკურ ბიულეტენში, რომელიც ასევე გთავაზობთ 2013 წლიდან დღემდე დირექტორის სერტიფიცირების პროცესის მიმოხილვას.
კვლევა მომზადებულია USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.
Leave a Reply