ცვლილებები ადვოკატირების შემდეგ – სახელმწიფომ საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 25 მილიონი ლარი გამოყო

ცვლილებები ადვოკატირების შემდეგ – სახელმწიფომ საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 25 მილიონი ლარი გამოყო

ონლაინგამოცემა მთის ამბებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის პროექტი USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის დახმარებით განახორციელეს. მათ საქართველოს 32 მუნიციპალიტეტში (მთიან და ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში) სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები შეისწავლეს და მოსახლეობა ადვოკატირების კამპანიაში ჩართეს.

საბავშვო ბაღების გახსნისა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მოთხოვნით, „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ 11 მუნიციპალიტეტის საკრებულოში 16 პეტიცია წარადგინა. აქტიური საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანიების შემდეგ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბორჯომის, ტყიბულის, დმანისის, წალკის, საგარეჯოს, ონის სოფლებში – ტაბაწყურში, მუხურაში, ირგანჩაიში, ამამლოში, ლამბალოში, თრიალეთში, კაბურში, ღარში საბავშვო ბაღების ასაშენებლად ტენდერები გამოაცხადა და დაახლოებით 25 მილიონი ლარი გამოყო. ამ სოფლების ჩამონათვალში შედის ხუთი სოფელი, სადაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საბავშვო ბაღების გახსნა პეტიციებით მოითხოვეს.

ყურადსაღებია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ამამლოსა და ირგანჩაიში საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის თანხების გამოყოფა. ორივე სოფელში საბავშვო ბაღების გახსნა მოსახლეობამ პეტიციებით მოითხოვა, თუმცა დმანისის საკრებულომ არცერთი პეტიცია არ დააკმაყოფილა, რაც „მთის ამბების“ მხარდაჭერით, სასამართლოში გასაჩივრდა. სამოქალაქო აქტივისტების სარჩელებს ბოლნისის რაიონული სასამართლო განიხილავს. მოქალაქეებმა ასევე მიმართეს სახალხო დამცველს დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით. დმანისის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მკვეთრი სიმცირეა – მუნიციპალიტეტის 57 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ შვიდ სოფელშია – თუმცა შვიდივე საბავშვო ბაღი ეთნიკური ქართველებით დასახლებულ სოფლებშია (მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 65% კი ეთნიკური აზერბაიჯანელია).

„სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ განაგრძობს ამ მიმართულებით ადვოკატირებას და მონიტორინგს.

Write a Comment

<