თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა

თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა

9 მაისს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) და „ტფილისის ჰამქარმა“ სამოქალაქო ფესტივალი სახელწოდებით „გუდიაშვილი გელოდება“ გამართეს, სადაც მოქალაქეებს გუდიაშვილის და ორბელიანის მოედნების რესტავრაციის სამოქალაქო მონიტორინგის შედეგები გააცნეს. ასევე ჩატარდა შემეცნებითი ტური და ფოტოგამოფენა გუდიაშვილის მოედნის ისტორიის და რეაბილიტაციის პერიოდში აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ. ფესტივალით დასრულდა „საიას“ და „ტფილისის ჰამქრის“ ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანი იყო თბილისის განვითარებაზე პასუხისმგებელი ძირითადი საჯარო უწყების – თბილისის განვითარების ფონდის მუშაობის გამჭირვალობის და ანგარიშვალედბულების გაზრდა, და ამით თბილისში კულტურული მემკვიდრეობის მართვის სისტემის გაუმჯობესება.

რამდენად ეფექტიანად და მიზნობრივად განკარგავს თბილისის განვითარების ფონდი საბიუჯეტო სახსრებს, რამდენად ღია და გამჭვირვალეა ფონდის საქმიანობა საზოგადოებისთვის, რამდენად კვალიფიციურად მზადდება სარეაბილიტაციო პროექტები და როგორ მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების მოვლა/რეაბილიტაცია თბილისში? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად „საიამ“ თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობა შეისწავლა, „ტფილისის ჰამქარმა“ კი ფონდის მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების) სარეაბილიტაციო სამუშაოები შეაფასა. გამოიცა ორივე კვლევის ანგარიში, რომლებშიც არსებული სიტუაციის ანალიზის გარდა, წარმოდგენილია კონკრეტული რეკომენდაციები კულტურული მემკვიდრეობის მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად. კვლევითი კომპონენტის გარდა, პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო კამპანია: ჟურნალისტებისთვის გაიმართა სემინარები კულტურული ძეგლების დაცვისა და რეაბილიტაციის სტანდარტებზე და ამ კუთხით საქართველოში არსებულ პრაქტიკაზე. ჩატარდა კარდაკარ შეხვედრები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებში მცხოვრებ მოქალაქეებთან, რომლებსაც დაურიგდათ საინფორმაციო ბროშურები და გაეწიათ იურიდიული კონსულტაცია.

კვლევის ანგარიშები იხილეთ აქ. ფოტო/ვიდეო მასალა გუდიაშვილის მოედნის ფესტივალის შესახებ იხილეთ აქ. პროექტი EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

Write a Comment

Leave a Reply

<