კონფერენცია ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის გამოწვევებზე

კონფერენცია ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის გამოწვევებზე

3 სექტემბერს, EWMI ACCESS-ის ორგანიზებით, ბათუმში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის სისტემური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“. კონფერენციაზე წარადგინეს „საზოგადოება ბათომის“ მიერ EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით მომზადებული კვლევები და რეკომენდაციები.

პირველ კვლევაში – „ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის სისტემის ანალიზი“ – რომელიც „ICOMOS საქართველოს“ პრეზიდენტმა, ნატო ცინცაბაძემ მოამზადა, განხილულია ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის არსებული ადმინისტრაციული და ინსტიტუციური ჩარჩო/სტრუქტურა და მისი შესაბამისობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო დოქტრინებთან.

ეთნოლოგ რუსლან ბარამიძის მიერ შესრულებულ კვლევაში ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის ძეგლების მართვასთან დაკავშირებული კონფლიქტები და მათი შედეგებია დეტალურად შესწავლილი.

ეკონომისტ პაატა ჩაგანავას მიერ მომზადებულ „ძველი ბათუმის ეკონომიკური ანალიზის“ კვლევაში მოცემულია ძველი ბათუმის ისტორიული ნაწილის გადარჩენის ეკონომიკური სტიმულების მოდელირება. უფრო კონკრეტულად, დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზის (Cost-Benefit Analysis) მეთოდის გამოყენებით, შეფასებულია ძველი შენობების (უბნის) შენარჩუნების ან მათ ნაცვლად ახალი შენობების აგების ალტერნატივები და შესაბამისი სარგებლები და დანახარჯები ინტერესთა სხვადასხვა ჯგუფისა და მთლიანად ქალაქისთვის.

არქიტექტორ გიორგი რამიშვილის კვლევაში – „ბათუმის ურბანული განვითარების მართვისა და მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების ანალიზი“ – ხარვეზების დეტალური აღწერის გარდა, მოცემულია პრაქტიკული რეკომენდაციები მათი აღმოფხვრისთვის. დოკუმენტის პირველი ნაწილი მიმოიხილავს არსებულ სიტუაციას და გამოკვეთს ძირითად პრობლემებსა და ინსტიტუციურ გამოწვევებს, ხოლო მეორე ნაწილი ეთმობა რეკომენდაციებს, რომლებიც დალაგებულია თემატურად: ზოგადი ხასიათის რეკომენდაციები, ზონირება, კოეფიციენტები, სანებართვო პროცედურები და მონიტორინგი.

კონფერენციას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე სფეროს ექსპერტები, აქტივისტები და სხვა დაინტერესებული პირები.

მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო ბუმით ბათუმი, თბილისის მერე, მეორე ქალაქია, ბათუმის ურბანული განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები პირველად იქნა ასე კომპლექსურად გამოკვლეული და შეფასებული. ამ კვლევებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ქალაქის და ზოგადად, აჭარის რეგიონის მდგრად განვითარებაში. საზოგადოება „ბათომი“ განაგრძობს აჭარის ხელისუფლებასთან მუშაობას აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ახალი დებულების შემუშავების პროცესში.

ოთხივე კვლევა იხილეთ

 

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<