ადვოკატირების კამპანია სასკოლო კვების პროგრამის დასანერგად

ადვოკატირების კამპანია სასკოლო კვების პროგრამის დასანერგად

მთელ მსოფლიოში სასკოლო კვება განიხილება როგორც მოსწავლეთა უფლება, ვინაიდან იგი ხელს უწყობს მოსწავლის როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობას, ასევე ემოციურ და კოგნიტურ განვითარებას. კვლევების თანახმად, უფასო სასკოლო კვების პირობებში იზრდება მოსწავლის აკადემიური მოსწრება, ვინაიდან მოსწავლე მეტად კონცენტრირებულია სასწავლო პროცესზე, უფრო ხანგრძლივად რჩება სკოლაში და ზოგადად, სკოლა მისთვის უფრო მიმზიდველ ადგილად იქცევა. სასკოლო კვების დანერგვას ასევე პირდაპირი ეკონომიკური ეფექტიც აქვს – იგი ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, ასევე ადგილობრივი თემის და სოფლის მეურნეობის განვითარებას.

ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთეების გამო, მსოფლიოს ქვეყნების 90%-ში სასკოლო კვების პროგრამა სხვადასხვა ფორმით არსებობს. საქართველო კი ქვეყნების იმ დარჩენილ 10%-შია, სადაც ასეთი პროგრამა არ მოქმედებს, თუმცა მოსწავლეთა კვების პრობლემა ქვეყანაში მწვავედ დგას: NAEC-ის 2019 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხულ მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლის დროს ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) განიცდის შიმშილის გრძნობას. UNICEF-ის მიერ 2023 წელს გამოქვეყნებულ ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის მიხედვით კი სასკოლო საათების განმავლობაში ყოველდღიურად იკვებება ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%), ხოლო არასდროს არ იკვებება ბავშვების 35%. მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში არჭამის შემთხვევები მნიშვნელოვნად უფრო ხშირია (45%). ბევრ ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა შვილს სახლიდან გაატანოს საკვები, რაც ზრდის ბავშვებს შორის უთანასწორობას.

ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, „განათლების კოალიცია“ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით ადვოკატირების კამპანიას ახორციელებს. ორგანიზაცია ითხოვს, რომ საზოგადოების ჩართულობით  სახელწიფომ შეიმუშავოს სასკოლო კვების პროგრამა და ყველა სკოლაში მოსწავლეები საკვებით უზრუნველყოს.

პროექტის ფარგლებში „განათლების კოალიციამ“ საქართველოს ხუთ რეგიონში დაინტერესებულ მხარეებთან სოციალური ლაბორატორიის ფორმატის დისკუსიები გამართა და თითოეული რეგიონის კონტექსტის შესაბამისად პროგრამის დაფინანსების სხვადასხვა მოდელი განიხილა. სასკოლო კვების მნიშვნელობის შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირებისა და მხარდაჭერის მობილიზების მიზნით „განათლების კოალიცია“ საინფორმაციო კამპანიასაც ახორციელებს.

სანამ სახელმწიფო მოსწავლეებს სკოლებში უფასო კვებით უზრუნველყოფს, არასამთვრობო ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის” სკოლებში არაჯანსაღი საკვების გაყიდვის აკრძალვას ითხოვს. ამ მოთხოვნით ორგანიზაციამ პეტიციაზე 10,000 ხელმოწერა შეაგროვა და განცხადება ხელმოწერებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სურსათის ეროვნულ სააგენტოში, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტსა და სახალხო დამცველის აპარატში შეიტანა. მშობლების მტკიცებით, სკოლის  ბუფეტებში ისეთი პროდუქტები იყიდება (საღეჭი რეზინი, კანფეტები, ჩიფსები და სხვ.), რაც ეწინააღმდეგება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალს.

ოქტომბრის ბოლოს „მშობლები განათლებისთვის“ და მოსწავლეების მშობლები განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდნენ და სისტემაში არსებული პრობლემები, მათ შორის სასკოლო კვების პრობლემა განიხილეს. მინისტრის თქმით მუშავდება ბრძანების ახალი პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ჯანსაღ ბუფეტებს და შესაბამის ჰიგიენურ პირობებს. იმ სკოლებში კი, სადაც ბუფეტები არ არის, მათ შორის სოფლად მდებარე სკოლებში, სამინისტრო შეისწავლის ინფრასტრუქტურას და განიხილავს სხვადასხვა შესაძლებლობას. რაც შეეხება სასკოლო კვების პროგრამის დანერგვას, სამინისტრო მშობლებს დაჰპირდა, რომ ჩართავს სამუშაო პროცესში.

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა აგრძელებს ამ ორგანიზაციების მხარდაჭერას სკოლებში კვების საკითხის გასაუმჯობესებლად.

Write a Comment

<