ადვოკატირება ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობისა და მოვლის გასაუმჯობესებლად

ადვოკატირება ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობისა და მოვლის გასაუმჯობესებლად

საქართველოში წლიურად საშუალოდ 124 ბავშვს უდასტურდება ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი. ბავშვთა ასაკში კიბოს არცერთ ტიპზე არ არის შესაძლებელი სკრინინგის ჩატარება, შესაბამისად დიაგნოსტირება ადრეულ ეტაპზე საკმაოდ რთულია. ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება პედიატრიული ონკოლოგიის სიმპტომების შესახებ.

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით,  ონკოპაციენტი ბავშვების მშობლების ორგანიზაცია „ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები“ ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ბავშვთა სიმსივნეების მკურნალობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაუმჯობესება, ონკოპაციენტი ბავშვების მშობლების გაძლიერება და მხარდაჭერა, და ბავშვთა სიმსივნეების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

ორგანიზაცია მშობლებს აწვდის ინფორმაციას სახელმწიფო დაფინანსებების, ლიმიტების, სხვადასხვა პროგრამისა და შესაბამისი პროცედურების შესახებ; მონიტორინგს უწევს, თუ როგორ სრულდება ონკოპაციენტი ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა, და თანამედროვე სტანდარტების ბავშვთა ონკოლოგიური სამკურნალო დაწესებულების შექმნა. ბავშვთა სიმსივნეების აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით, „ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები“ აგროვებს მონაცემებს ბავშვებში ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოზის და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გამგზავრებული ბავშვების რაოდენობის შესახებ. ასევე იკვლევს, თუ რა პრობლემები და საჭიროებებია ბავშვებში ტკივილის მართვის მხრივ.

პროექტის ფარგლებში მშობლებისათვის რეგულარულად ტარდება ონლაინ შეხვედრები  ფსიქოლოგთან, რომელიც მშობლებს სტრესის მართვაში ეხმარება. ონკოპაციენტი ბავშვებისათვის ტარდება არტთერაპიის შეხვედრები, რაც ეხმარება ბავშვებს დაუბრუნდნენ მკურნალობის შემდგომ ჩვეულ ცხოვრებას. ასევე, გრძელდება ონკოპაციენტი ბავშვების მშობლების კლუბის შეხვედრები, რომლის მიზანია ერთმანეთის მხარდაჭერა და გამხნევება, ასევე ადვოკატირება ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობისა და მოვლის სტანდარტების გაუმჯობესებისათვის.

ბავშვთა სიმსივნეების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, „ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირების“ ფეისბუკის გვერდზე  ვრცელდება მრავალფეროვანი საინფორმაციო მასალები (პოსტერები, ვიდეოები, გზამკვლევები). აქვე შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პროექტის აქტივობებისა და შესაძლებლობების შესახებ.

Write a Comment

<