ადვოკატირების კამპანია მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობაზე

ადვოკატირების კამპანია მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობაზე

საქართველოს კანონმდებლობა მუნიციპალიტეტებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სერვისების დანერგვასა და მიწოდებას ავალდებულებს. ამის მიუხედავად, რეგიონებში ბევრ ბავშვს სკოლამდელ განათლებაზე ხელი არ მიუწვდება. მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე სურათია.

ამ პრობლემის წარმოჩენისა და მოგვარების მიზნით, „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ და მედიაპორტალი „მთის ამბები“, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანიებს ახორციელებენ. მათ საქართველოს 32 მუნიციპალიტეტში (მთიან და ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში) სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები შეისწავლეს და მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება მოქალაქეთა ჩართულობის სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით. სათემო აქტივისტებისთვის ორდღიანი ტრენინგიც ჩატარდა ადვოკატირების კამპანიის და  მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ.

სათემო მობილიზაციის შემდეგ, აქტიურმა მოქალაქეებმა, „მთის ამბებისა“ და „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მხარდაჭერით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გახსნისა და ფუნქციონირების მოთხოვნით წალკის, დმანისის, ბოლნისის, ახალქალაქის, ასპინძის, ბორჯომის, ტყიბულის, ჭიათურის, საჩხერის, ცაგერისა და საგარეჯოს საკრებულოებში 16 პეტიცია წარადგინეს. პეტიციების ნაწილი განხილვის პროცესშია, ნაწილზე რეაგირება უკვე მოხდა – ტყიბულის საკრებულომ საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტზე ტენდერი გამოაცხადა; ბოლნისის საკრებულომ გამოაქვეყნა სოფლების სია, სადაც საბავშვო ბაღების მშენებლობაა დაგეგმილი.

დმანისის საკრებულომ პეტიციით წარდგენილი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გახსნა სოფლებში ირგინჩაი და ამამლო), რის შემდეგაც პეტიციის ავტორებმა საჩივრით მიმართეს რაიონულ სასამართლოს. ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც სამოქალაქო პეტიციის უარყოფას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა.

რეგიონებში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდა სტატიები და საინფორმაციო ვიდეოები, რომლებიც „მთის ამბების“ პორტალზე გამოქვეყნდა.

30 იანვარს საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა ახალი ინიციატივა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს (აშენდება 330 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს).

„მთის ამბები“ და „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ განაგრძობენ ამ საკითხის ადვოკატირებას.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<