EWMI ACCESS-ის ხელშეწყობით, 15 თებერვალს სამოქალაქო საზოგადოების მწვანე ადვოკატირების პლატფორმა დაფუძნდა, რომელშიც ერთიანდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და საქართველოს რეგიონების მცხოვრებლები. პლატფორმის მიზანია გარემოსდაცვით საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების მობილიზება და გაერთიანება, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების უარყოფითი გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შემცირება და ამ კუთხით მოქალაქეების ინტერესების დაცვა.
პლატფორმის პირველი სამუშაო შეხვედრა 15 თებერვალს გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და გუდამაყრის ხეობის მკვიდრები ესწრებოდნენ. სამოქალაქო პლატფორმის ინიციატორები არიან წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების სფეროებში: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და მწვანე ალტერნატივა. ამ ორგანიზაციებმა, EWMI ACCESS-თან ერთად, 2018 წლის ზაფხულში რაჭა-ლეჩხუმში და ზემო სვანეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს, სადაც მოსახლეობის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. ადგილობრივებმა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მათ რეგიონებში დაგეგმილი თუ მიმდინარე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე უარყოფითი გავლენა დაასახელეს. სწორედ ამ და სხვა საკითხების ადვოკატირებას შეეცდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები მწვანე პლატფორმის ფარგლებში. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები პერიოდულად მოინახულებენ შერჩეულ რეგიონებს (რაჭა-ლეჩხუმი და ზემო სვანეთი) და ადგილობრივ მოსახლეობას იურიდიულ დახმარებას, თუ სხვა სახის კონსულტაციებს გაუწევენ.
მწვანე ადვოკატირების პლატფორმაში გაწევრიანება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტებსა და რიგით მოქალაქეებს.
Leave a Reply