სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ მათ, ვინც უკვე მუშაობს ცვლილებებისთვის საკუთარ თემში ან რეგიონში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ეძებს თანამოაზრეებს, აქვს სურვილი მიიღოს და გაავრცელოს ახალი ცოდნა სამოქალაქო აქტიურობის გზით დადებითი ცვლილებების მისაღწევად
სასწავლო კურსის შესახებ:
სასწავლო კურსი სამოქალაქო აქტივისტებს არაძალადობრივი პროტესტის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და მხარდამჭერების მობილიზების მიდგომებს გააცნობს. ხუთდღიანი კურსის პროცესში მონაწილეები შეიმუშავებენ კამპანიებისა და სამოქმედო გეგმების მონახაზებს და კურსის შემდგომ მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს დაგეგმილი ინიციატივების ეფექტიანად განხორციელების ან/და ტრენინგზე მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად.
სასწავლო კურსს ამ სფეროში ერთ-ერთი წამყვანი სერბული ორგანიზაციის, CANVAS-ის („გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებებისა და სტრატეგიების ცენტრი“) ტრენერები გაუძღვებიან.
კურსი ერთმანეთთან დააკავშირებს თანამოაზრეებს და განსხვავებულ თემებსა და ადგილებში მომუშავე ახალბედა და გამოცდილ სამოქალაქო აქტივისტებს. სასწავლო კურსი ინტერაქტიულია; მონაწილეებს ექნებათ საშუალება, კურსის მსვლელობისას შეიმუშავონ ერთობლივი ან/და ინდივიდუალური სტრატეგიები მომავალი საქმიანობისთვის.
მონაწილეთა შერჩევის მთავარი კრიტერიუმებია:
- სამოქალაქო აქტივიზმის/სამოქალაქო ინიციატივების ინიციირებისა და განხორციელების გამოცდილება სათემო, რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე ბოლო სამი წლის განმავლობაში;
- კონკრეტულ პრობლემაზე/გამოწვევაზე მუშაობის სურვილი;
- ახალი ცოდნის მიღების და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მოტივაცია;
- სხვა რეგიონებში და განსხვავებულ თემებზე მომუშავე სამოქალაქო აქტივისტებთან თანამშრომლობის და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების ინტერესი.
სასწავლო კურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია:
- დაესწროთ ხუთდღიან პირისპირ ტრენინგს სრულად 2022 წლის 26-30 სექტემბერს;
- 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში ჩაერთოთ პროგრამით გათვალისწინებულ ონლაინ და პირისპირ საკონსულტაციო სესიებში სასწავლო კურსის დროს შემუშავებულ სამოქმედო გეგმის/კამპანიის იდეის დასახვეწად;
- 2023 წელს აქტიური მონაწილეობა მიიღოთ სამოქალაქო აქტივისტებისთვის დაგეგმილ საველე ვიზიტებში და პროგრამის სხვა აქტივობებში;
- მიღებული ცოდნა გაუზიაროთ სხვა (ახალ) სამოქალაქო აქტივისტებს და თანამოაზრეებს.
შენიშვნა:
- სასწავლო კურსის გავლისთვის არ გჭირდებათ უცხო ენის ცოდნა
- ხუთდღიანი სასწავლო კურსი ჩატარდება თბილისში
- საჭიროების შემთხვევაში, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა დაფარავს მონაწილეების რეგიონიდან მგზავრობისა და თბილისში განთავსების ხარჯებს.
სასწავლო კურსის თემებია:
- საერთო იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანებისთვის მკაფიო მომავლის ხედვაზე მუშაობა;
- საზოგადოებაში ძალაუფლების დანაწილების ანალიზი და მხარდამჭერების/თანამოაზრეების გამოკვლენა;
- სამოქალაქო მორჩილება, სამოქალაქო მორჩილების განსხვავებული ფორმებისა და გზების ანალიზი;
- ცვლილების მექანიზმები – როგორ დავარწმუნოთ ხელისუფლება მოქალაქეების ინტერესების დასაცავად ცვლილებების საჭიროებაში;
- მიზანმიმართული კომუნიკაცია – ცვლილებებისთვის საჭირო კომუნიკაციის ეფექტიანი გზების დასახვა.
როგორ ჩაერთოთ:
სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად გამოგვიგზავნეთ:
- რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმი 400 სიტყვა)
- ან რეზიუმე და ვიდეო (მაქსიმუმი 5 წთ) სადაც უპასუხებთ შემდეგ კითხვებს:
- რატომ ხართ დაინტერესებული ამ სასწავლო კურსით?
- რა არის ის გამოწვევა/პრობლემა თქვენს თემში/ქალაქში/რეგიონში/ქვეყანაში, რაზეც ახლა მუშაობთ და სასწავლო კურსის გავლის შემდეგაც გააგრძელებთ მუშაობას?
- ამ სასწავლო კურსის თემებიდან რომლის ცოდნა დაგეხმარებათ ყველაზე მეტად თქვენი ინიციატივის უფრო ეფექტიანად განხორციელებაში?
განაცხადები მიიღება ელ.ფოსტის მისამართზე: mgabunia@ewmi.org
2022 წლის 6 სექტემბრამდე
Leave a Reply