29 ნოემბერს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა (GCNG), USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის პარტნიორობის მეორე ყოველწლიური ფორუმი გამართა, რომლის მიზანი ამ ორ სექტორს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.
ფორუმი Giving Tuesday-ს გლობალურ კამპანიას შეუერთდა, რომელიც მთელს მსოფლიოში ადამიანებს ერთმანეთის დახმარების და თანადგომისკენ მოუწოდებს,
ფორუმზე სამოქალაქო ორგანიზაციებს საშუალება ჰქონდათ მათი საქმიანობა და დაგეგმილი პროექტები კერძო სექტორისათვის გაეცნოთ და თანამშრომლობის შესაძლებლობები განეხილათ, რის შედეგადაც თანამშრომლობის არაერთი შესაძლებლობა გამოიკვეთა – ექვსმა ბიზნესკომპანიამ 33,000 ლარით 11 სამოქალაქო ინიციატივას დაუჭირა მხარი, მათ შორის: მაღალმთიან და ცენტრიდან მოშორებულ რეგიონებში სკოლის მოსწავლეების წიგნებითა და საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფა, ქვემო ქართლში მცხოვრები ქალებისათვის ტექნიკური უნარ-ჩვევების გადაცემა, კახეთში ხანდაზმულებისათვის სოციალიზაციის შესაძლებლობების შეთავაზება და სხვ. სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც ამ ინიციატივებს განახორციელებენ არიან: „ჩართე“, „სამოქალაქო ინიციატივა“ (ცოდნის კაფე), „ლილიფარი“, „მთიელი წიგნები“, „სუპერგმირი“, „ჰელფინგ ჰენდი“, „ტექგოგო“, კავშირი „ფრეია“, „მომავლის ფერმერი“ და პლატფორმა „სალამი“.
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (GCNG), USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის დაკავშირებაზე, ვინაიდან რესურსებისა და ცოდნის გაერთიანებით მათ უფრო დიდი და მდგრადი ცვლილების მოტანა შეუძლიათ, ვიდრე ცალ-ცალკე. ასევე, GCNG განაგრძობს საქართველოს ბიზნეს სექტორში კორპორაციული პასუხისმგებლობის პრინციპების დანერგვას, რაც კერძო და სამოქალაქო სექტორებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივას კიდევ უფრო გაზრდის.
Leave a Reply