სწრაფი რეაგირების გრანტები უკრაინელთა მხარდასაჭერად და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოზე გავლენის გასააზრებლად

სწრაფი რეაგირების გრანტები  უკრაინელთა მხარდასაჭერად  და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოზე გავლენის გასააზრებლად

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა გამანადგურებელი გავლენა იქონია ჰუმანიტარულ ვითარებაზე, უსაფრთხოების საკითხებსა და ეკონომიკაზე. ეს გავლენები იგრძნობა მთელს რეგიონსა და მსოფლიოში.

საქართველო ამ კონფლიქტთან გეოგრაფიულად ახლოსაა, ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები და რუსეთთან არსებული ჩახლართული ურთიერთობები კი მას განსაკუთრებულად რთულ პოზიციაში აყენებს. უკრაინა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობს და ამას ომის დაწყების დღიდან გამოჩენილი კერძო და საჯარო დახმარებაც ადასტურებს. ამის მიუხედავად, მთელს ქვეყანაში წამოიჭრა დისკუსია საქართველოს როლის შესახებ ამ ომში – გაჩნდა შეკითხვები საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ, საქართველოს კონფლიქტში შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით… მსჯელობენ იმაზეც, რა გავლენას მოახდენს ეს ომი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე.

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამამ გააცნობიერა, რომ მწვავე, სწრაფად ცვალებად კრიზისთან გამკლავება მოითხოვს კოორდინირებულ ძალისხმევას და, 2022 წლის მარტის დასაწყისში, სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, პროექტების მიღება დაიწყო.

საგრანტო პროგრამა  უკრაინაში მიმდინარე ომის საპასუხოდ სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად შეიქმნა. გრანტის მისაღებად საჭირო პროცედურები გამარტივდა, რამაც პროექტების ავტორებს საშუალება მისცათ რესურსები სწრაფად და მოქნილად გამოეყენებინათ.

პროგრამის ფარგლებში გაიცა 6 გრანტი: 3 გრანტით  საქართველოში მყოფ უკრაინელებს სწრაფი დახმარება მიეწოდათ; დანარჩენი 3 გრანტით მიმდინარე  ომის საქართველოზე გავლენის გაანალიზება მოხდა. გრანტის მიმღებები წარმოადგენდნენ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებს თბილისიდან და რეგიონიდან, მათ შორის: თბილისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია, სათემო ორგანიზაცია აჭარიდან, ანალიტიკური ცენტრი, მოქალაქეთა ახლად ჩამოყალიბებული  ჯგუფი და მედიაორგანიზაცია. მათი მიდგომები მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა ქრაუდფანდინგს (სახალხო დაფინანსებას), საზოგადოების ჩართულობის გაზრდას, პოლიტიკის კვლევას, ცნობიერების ამაღლებას და ომის დანაშაულების შესახებ მტკიცებულებების შეგროვებას.

ოთხი პროექტი 2022 წლის ივნისის ბოლოს დასრულდა.

დაფინანსებულ  პროექტებს და მათ მიერ მიღწეულ შედეგებს შეგიძლიათ აქ გაეცნოთ:

  1. „ორბელიანი საქართველოს“ ღონისძიება #მეტიუკრაინისთვის

„„ორბელიანი საქართველო“ ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია იყო, რომელმაც მალევე გააცნობიერა სხვადასხვა სექტორს შორის კოორდინირებული მუშაობის საჭიროება. საქართველოში ჩამოსული უკრაინელების პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად,  „ორბელიანი საქართველომ“ 2 აპრილს თბილისში სოლიდარობის ფორუმი #მეტიუკრაინისთვის გამართა, რომელსაც  400-ზე მეტი უკრაინელი დაესწრო. ფორუმზე მონაწილე 50-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, უნივერსიტეტმა, კერძო კომპანიამ და კონსულტანტებმა უკრაინელებს მხარდაჭერის არსებული რესურსების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათ კითხვებს უპასუხეს. ღონისძიებას უსასყიდლოდ შეუერთდნენ  ცნობილი ქართველი მუსიკოსები – ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ რაჭველი, რომლებმაც მტკიცე მხარდაჭერის ატმოსფერო შექმნეს.

ამ დღესვე დაიწყო ქრაუდფანდინგის კამპანია ვებპლატფორმაზე „ორბელიანი მეტი“, რომლის ფარგლებშიც 21000 ლარზე მეტი შეგროვდა. ეს თანხა მოხმარდა საბავშვო ტანსაცმლის შეძენას, ახალი უნარ-ჩვევების შესასწავლად სახელოსნოების ორგანიზებას და საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის ღონისძიებების მოწყობას.

2. Dopomoga Ukraini – ინკლუზიური ვებ-პლატფორმა უკრაინელებს დახმარების მიღებას უიოლებს

მოქალაქეთა ჯგუფმა Dopomoga Ukraini-მ დაინახა, რომ კოორდინაციის ნაკლებობის და ენობრივი ბარიერის გამო საქართველოში ბევრ უკრაინელს უჭირდა ინფორმაციის მიღება საჯარო, თუ კერძო სექტორის მხრიდან მათთვის გამოყოფილი დახმარების შესახებ. ამ პრობლემის გადასაჭრელად ჯგუფმა შექმნა ორენოვანი ვებსაიტი, რომელმაც ერთ ადგილას მოუყარა თავი ინფორმაციას საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის შეთავაზებული დახმარების/პროგრამების შესახებ. საიტზე განთავსებულია შემოწმებული და განახლებული ცნობები სხვადასხვა საკითხების, მათ შორის სამედიცინო სერვისების, იურიდიული დახმარების, საცხოვრებლის, განათლების, ფსიქოლოგიური სერვისების და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. ამჟამად dopomoga.ge-ზე 400-ზე მეტი პოსტია.

ამას გარდა, აუდიტორიის გასაფართოებლად შეიქმნა ჯგუფი  და გვერდი „ფეისბუკზე“. ჯგუფი 5900-ზე მეტი წევრისგან შედგება, ხოლო გვერდს 4600-ზე მეტი მიდმევარი ყავს. ფეისბუკის ჯგუფი გახდა უპირველესი ადგილი, რომელსაც აკითხავენ უკრაინელები და ქართველებიც, რომლებსაც დახმარების გაწევა სურთ. ჯგუფმა, დაარსების დღიდან დღემდე 250-ზე მეტ უკრაინელს გაუწია ინდივიდუალური დახმარება და შექმნა გზამკვლევები უკრაინულ ენაზე, სადაც გაცემულია პასუხები მიგრანტების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე, მათ შორის: ინფორმაცია განათლებაზე, უძრავ ქონებასა და ბიზნესის რეგისტრაციაზე.

3. “ემპათია“აგროვებს მტკიცებულებებს რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ

Dopomoga Ukraini უკრაინელებს ასევე აკავშირებს რესურსებთან, რომლებიც მათ ომის დროს განცდილ ტრავმასთან გამკლავებაში ეხმარება. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიამ“ დაიწყო პროექტი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების აღწერას ითვალისწინებს.

„ემპათიას“ საქართველოში ომგამოვლილ მოსახლეობასთან მუშაობის 20-ზე მეტი წლის გამოცდილება აქვს. ეს ორგანიზაცია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით საქმიანობს. „ემპათიის“ თანამშრომლებმა შეაგროვეს, გააანალიზეს და აღწერეს საქართველოში მცხოვრები 18 უკრაინელის წინააღმდეგ ჩადენილი ომის შესაძლო დანაშაული. დოკუმენტაცია გადააგზავნეს უკრაინის პროკურატურაშიც და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშიც. ამასთან, „ემპათია“ საქართველოში მყოფ ომის მსხვერპლ უკრაინელებს სთავაზობს ფსიქოლოგიურ და იურიდიულ დახმარებას. ამჟამად “ემპათია” 10 უკრაინელს გრძელვადიან ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს; ასევე აწყობს არტ-თერაპიის შეხვედრებსაც.

4. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის იკვლევს საქართველოს ენერგეტიკის დამოკიდებულებას რუსეთზე

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში დაიწყო დისკუსია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების შესახებ. ზოგი შიშობდა, რომ საქართველოს ენერგეტიკას დიდი ზიანი მიადგებოდა, თუ ქვეყანა უკრაინას სოლიდარობას გამოუცხადებდა, ან სანქციებს დააწესებდა რუსეთის წინააღმდეგ მისი აგრესიის გამო.

ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ანალიტიკურმა ცენტრმა „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) წამოიწყო კვლევითი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეისწავლა საქართველოს მოკლევადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის, დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე, რუსული კაპიტალი საქართველოს ენერგეტიკის ბაზარზე და ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ გატარებული ენერგეტიკის პოლიტიკის გავლენა საქართველოზე.

კვლევის შედეგები ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა. WEG ასკვნის, რომ რუსულ ენერგეტიკულ რესურსებზე საქართველოს დამოკიდებულება მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთს ენერგეტიკის სექტორში საქართველოს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ზეწოლის ბერკეტი არ აქვს. კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ, მართალია საქართველოს ენერგეტიკის ბაზარზე რუსული კაპიტალი მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი, მაგრამ ქვეყანას გააჩნია საკმარისი ლეგალური ბერკეტები ენერგეტიკული კომპანიების გასაკონტროლებლად, თუ მათი ქმედებები ეროვნულ უსაფრთხოებას დაემუქრება. კვლევა WEG-ის ვებსაიტსა და „ფეისბუკის“ გვერდზე გამოქვეყნდა და ის შემდეგ ფართოდ გაშუქდა მედიაში (მათ შორის ეროვნულ მაუწყებლებში  – „ფორმულა“, „პირველი“, „მთავარი“).

5. ინდიგო – საქართველოზე ომის გავლენის შესაფასება სხვადასხვა კუთხიდან და პერსპექტივიდან

უკრაინაში დაწყებულმა ომმა ბევრ ქართველს გაუჩინა გაურკვევლობის განცდა. მათ არ იციან, თუ რა გავლენას იქონიებს ეს კონფლიქტი მათ ქვეყანაზე. ქართული მედია პოლარიზებულია და იქ მიმდინარე დისკუსია ხშირად მხოლოდ დაპირისპირებული მხარეების პოზიციას ასახავს. დამოუკიდებელმა მედიაორგანიზაცია „ინდიგომ“ წამოიწყო მულტიმედია პროექტი, რომელიც ახლებური კუთხით განიხილავს ბევრ მგრძნობიარე საკითხს, რომლებიც ახლა ქართველებს აწუხებთ, და ამ თემებზე ვიდეოების და სტატიების მომზადება დაიწყო.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა 15 მულტიმედია პროდუქტი, რომლებიც შეეხებოდა შემდეგ თემებს: ქართველების დამოკიდებულება ომით გამოწვეული მიგრაციის მიმართ, ქვეყნის ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე და კონფლიქტის შესაძლო გავლენა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, და სხვ. “ინდიგომ” ვიდეოებით, სტატიებით და ფოტოებით ამ საკითხებზე სხვადასხვა პერსპექტივები და ხედვები წარმოაჩინა: მაგალითად, ომით გამოწვეული მიგრაციის მიმართ ქართველების დამოკიდებულების გაშუქებისას „ინდიგომ“ ასევე ჩაწერა რამდენიმე ინტერვიუ რუს მიგანტებთან, რომლებმაც თავიანთი ქვეყანა დატოვეს.

ეს მასალა „ინდიგომ“ სხვადასხვა არხებით გაავრცელა – პროექტის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუკზე“ 300,000-მდე მომხმარებელმა ნახა, ვიდეოების ნახვებმა 94 000-ს მიაღწია, სტატიებისა კი – 33 000-ს.

6. სოლიდარობის თემი აჭარაში რუსეთის დეზინფორმაციას უპირისპირდება

რუსეთმა, უკრაინაზე ფიზიკურად თავდასხმის გარდა, საინფორმაციო ომიც გააჩაღა, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეც საქართველოა. ომის მიმდინარეობის პარალელურად, ქართულმა ულტრამემარჯვენე და პრორუსულმა დაჯგუფებებმა გააძლიერეს საქმიანობა საქართველოს ისეთ რეგიონებში, სადაც მოსახლეობას ნაკლებად მიუწვდება ხელი განსხვავებულ საინფორმაციო წყაროებზე და ამიტომ რუსეთის დეზინფორმაცია განსაკუთრებით ეფექტიანად მუშაობს.

აჭარის მაღალმთიან რეგიონში ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა პროპაგანდის ქსელი შექმნეს, რომელსაც ომის დაწყების დღიდან იყენებდნენ რუსული ნარატივის გასავრცელებლად – რომ საქართველომ ნეიტრალიტეტი უნდა გამოაცხადოს, რადგან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები მას, უკრაინის მსგავსად, რუსეთთან ომის გზაზე დააყენებს.

ამ და სხვა შემაშფოთებელი პრორუსული ნარატივების საპასუხოდ ორგანიზაცია „სოლიდარობის თემმა“ აპრილში წამოიწყო საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანიც ომთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაა. აქცენტი გაკეთდა ოთხ მუნიციპალიტეტზე – ხელვაჩაურზე, ქედაზე, შუახევსა და ხულოზე.  „სოლიდარობამ“ 8 შეხვედრა ჩაატარა მასწავლებლებთან და საზოგადოების სხვა წევრებთან, სადაც ილაპარაკეს რუსეთის დეზინფორმაციაზე და ნეიტრალურობის საკითხზე. ამ შეხვედრებში სულ 225-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამას გარდა, ჯგუფმა გაავრცელა 500 საინფორმაციო ბუკლეტი და მოკლე ვიდეოები დაამზადა ამ შეხვედრების და მათი სათქმელის „ფეისბუკზე“ წარმოსაჩენად.

Write a Comment

Leave a Reply

<