კორპორაციული პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია საქართველოში

კორპორაციული პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია საქართველოში

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (GCNG), USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, აქტიურად მუშაობს  საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის  პოპულარიზაციაზე და  მდგრადი განვითარების დღის წესრიგში ბიზნესის როლის გაზრდაზე. სწორედ ამ მიზნით, კორპორაციული პასუხიმგებლობისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებში შეტანილი წვლილისთვის, GCNG კერძო სექტორის წარმომადგენლებს ყოველწლიურად აჯილდოებს.

წელს გამოცხადებულ კონკურში 141-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რაც წინა წლების კონკურსანტების რიცხვს მნიშვნელოვნად აღემატება. მათი განაცხადები ქართველი და უცხოელი წევრებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა. დაჯილდოების ცერემონია USAID-ის მისიის დირექტორმა ჯონ პენელმა და შვედეთის ელჩმა საქართველოში ანა ლიბერგმა გახსნეს. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ექვს კატეგორიაში: ხარისხიანი განათლება, ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია, ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა, შემცირებული უთანასწორობა, მდგრადი მოხმარება და წარმოება, პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის. ბოლო კატეგორიაში ჯილდო ინტერნეტმაღაზია Veli.store-მა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სუპერგმირმა“ მოიპოვეს. გასული წლის განმავლობაში ისინი ერთობლივად აგროვებდნენ შემოწირულობებს და საქართველოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ბავშვებს წიგნებით, სათამაშოებითა და სასკოლო ნივთებით სავსე ამანათებს უგზავნიდნენ. დაჯილდოების ცერემონიის ერთ-ერთი მიზანი სწორედ კერძო და სამოქალაქო სექტორების თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო, ვინაიდან რესურსებისა და ცოდნის გაერთიანებით მათ უფრო დიდი პოზიტიური ცვლილების მოტანა შეუძლიათ, ვიდრე ცალ-ცალკე. გამარჯვებულთა სრული სია იხილეთ აქ.

GCNG-იმ ოქტომბერში ასევე უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას United Business Europe, რომელსაც 30 ქვეყნის ბიზნესის, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე განიხილეს ევროპული ქვეყნების პროგრესი გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნის მიღწევის საქმეში და ბიზნესის როლი ამ მიმართულებით; ასევე იმსჯელეს, თუ როგორ შეუძლია კერძო სექტორს უკეთ ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სოციალური და ეკოლოგიური საკითხების წინ წამოსაწევად. მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ მდგრადი ბიზნესი ზრდის კონკურენტულ უპირატესობას, წვდება ახალ ბაზრებს და, ამავე დროს, ხელს უწყობს საზოგადოების ზოგად განვითარებას.

კონფერენცია USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<