EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით იწყება ახალი პროექტები, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში COVID-19-ის პანდემიის შედეგებთან გამკლავებას და პრობლემების შემსუბუქებას ისახავენ მიზნად.
შერჩეული პროექტები EWMI ACCESS-ის გამოცხადებული ღია საგრანტო კონკურსების შედეგად შეირჩა. ესენია:
● ადამიანის უფლებათა ცენტრი: პანდემიის შედეგების შემსუბუქება მარტოხელა ხანდაზმულებისთვის შიდა ქართლში. მოქალაქეების მონაწილეობით მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და საჭიროებების შესწავლა და სხვადასხვა სახის დახმარების გაწევა. ხანდაზმულების საჭიროებების ადვოკატირება ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობებთან.
● ახალი აზროვნების ინსტიტუტი: ქვემო ქართლის სოფლების მოსახლეობის პირველადი საჭიროებებისა და პრობლემების შესწავლა და მათი გადაჭრის ადვოკატირება. ამ მიზნით რეგიონში მოქმედი ცხრა სათემო ცენტრის მხარდაჭერა და გაძლიერება.
● პლატფორმა სალამი: ქვემო ქართლში და კახეთში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების (ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების) გაძლიერება და დახმარება თავიანთი უფლებებისა და ინტერესების დაცვაში.
● გამარჯვებულ ქალთა კლუბი: პანდემიის დროს ონკოპაციენტი ქალების მხარდაჭერა ხუთ მუნიციპალიტეტში. მათთვის საინფორმაციო და ფსიქორეაბილიტაციის სესიების ორგანიზება და ურთიერთდახმარების ქსელის გაძლიერება. ე.წ. წინა ხაზის სამედიცინო პერსონალის ინფორმირება ონკოპაციენტების განსაკუთრებული საჭიროებების შესახებ პანდემიის პერიოდში.
● ახალგაზრდები სოციალური თანასწორობისთვის: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების რეაბილიტაციისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა მაღალმთიან რეგიონებში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების გაძლიერება პანდემიის პერიოდში მათი შვილების ინტერესების დასაცავად.
● კაქტუს მედია: გალში სამედიცინო პერსონალის ინფორმირება და გაძლიერება COVID-19-ის პრევენციის, მკურნალობის და სამედიცინო დაწესებულებებში უსაფრთხოების წესების დაცვის საკითხებში. გალელ და ზუგდიდელ ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, რათა მათ შეძლონ COVID-19-თან დაკავშირებული სანდო და საჭირო ინფორმაციის გავრცელება თანატოლებში.
● Civitas Georgica: პანდემიის (და სხვა კრიზისული/საგანგებო სიტუაციების) დროს სკოლამდელი განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის, სასწავლო პროცესისა და თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სკოლამდელი განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფა.
● განათლება ყველასათვის – საქართველო: პანდემიის შედეგად გამოწვეული სწავლის დანაკარგის შესწავლა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში და სხვადასხვა მხარესთან თანამშრომლობით, ამ პრობლემის მოგვარების ეფექტიანი გზების განსაზღვრა.
● განათლების დამოუკიდებელ კონსულტანტთა კოლეგია: COVID-19-ის პანდემიის დროს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უფლების დაცვა. ამ მიზნით კერძო და არასამთავრობო სექტორების რესურსებისა და ძალისხმევის გაერთიანება და სამედიცინო მომსახურების ინკლუზიური პილოტური მოდელის შექმნა-დანერგვა.
პროექტების განხორციელება 2021 წლის იანვარში დაიწყება.
Leave a Reply