16 ახალი სამოქალაქო ინიციატივა, ათიათასობით ლარის შემოწირულება და ათასობით ჩართული მოქალაქე – „ქრაუდფანდინგი“ საქართველოში ფეხს იდგამს

16 ახალი სამოქალაქო ინიციატივა, ათიათასობით  ლარის შემოწირულება და ათასობით ჩართული მოქალაქე – „ქრაუდფანდინგი“ საქართველოში ფეხს იდგამს

ქრაუდფანდინგი, ანუ არამომგებიანი ინიციატივების სახალხო დაფინანსება, სახსრების მოზიდვისა და მრავალფეროვანი აუდიტორიის ჩართვის ეფექტიანი მეთოდია. ამერიკულმა ქრაუდფანდინგ პლატფორმა Fundly-მ კვლევის შედეგად დაადგინა, რომ მსგავსი სახალხო დაფინანსების საერთო რაოდენობამ მსოფლიოში 5,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ელიან, რომ ეს რიცხვი მომავალ წლებში კიდევ უფრო მოიმატებს.

საქართველოში ქრაუდფანდინგი ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაშია, თუმცა რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის „ორბელიანი საქართველო“ ამ ვითარების შეცვლას გეგმავს. ისინი ცდილობენ შექმნან ისეთი გარემო,  რომელიც  მოქალაქეებში ქველმოქმედებას წაახალისებს  და საშუალებას მისცემს ხალხს  სამოქალაქო ინიციატივების თანაავტორები გახდნენ.

„ორბელიანი საქართველომ“, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, 2022 წლის აპრილში  სამოქალაქო ინიციატივების კონკურსი გამოაცხადა, საიდანაც 16 პროექტი შეირჩა ქრაუდფანდინგის პლატფორმა „ორბელიანი მეტიზე“ განსათავსებლად. შერჩეული ინიციატივების ავტორებმა  მონაწილეობა მიიღეს ერთკვირიან ტრენინგში და „ორბელიანი საქართველოსთან“ ერთად თანხების მოსაძიებლად ემოციური კამპანიები დაიწყეს – თითოეული ინიციატივისთვის მოამზადეს და გაავრცელეს უნიკალური ვიდეორგოლები, შეარჩიეს „ინიციატივების ელჩები“  ინფორმაციის უკეთ გასავრცელებლად და სხვ.

ამ 16 პროექტს მაქსიმუმ 45 დღეში  ქრაუდფანდინგის მეშვეობით საჭირო თანხის 30 პროცენტი მაინც უნდა შეეგროვებინათ, რათა შემდეგ დარჩენილი თანხა (70%) USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის დაფინანსებით მიეღოთ. ეს მისია ყველა ინიციატივამ წარმატებულად შეასრულა! ჯამში, 16 სამოქალაქო ინიციატივისათვის მოქალაქებმა 64,000 ლარი გადარიცხეს. სულ 1000-ზე მეტი ინდივიდუალური დონაცია გაკეთდა.

„ორბელიანი საქართველოს“ პროექტების მენეჯერის, მარიამ მიროტაძის აზრით, კამპანიების წარმატების მიზეზი ფართო საზოგადოების ჩართვის ეფექტიანი მეთოდებია.  ის იხსენებს ერთ, განსაკუთრებულად წარმატებულ კამპანიას, რომლის ამოცანაც გურიის სკოლის მოსწავლეებისთვის ციფრული სივრცის შექმნა იყო. ამ ინიციატივის ელჩობაზე ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნინო ზაუტაშვილი დაითანხმეს. შედეგად, კამპანიამ მისი სოციალური მედიის ფართო ქსლის ყურადღება მიიპყრო და საჭირო თანხა სულ რამდენიმე კვირაში შეგროვდა.

„ქრაუდფანდინგი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ თანხების მოზიდვა. როდესაც კომუნიკაციის სწორ მეთოდებს  იყენებ, ეს კამპანიები თან ინიციატივების შესახებ ცნობადობას ზრდის და, ამავე დროს, საშუალებას აძლევს ადამიანებს საკითხის მოგვარებაში თავადაც ჩაერთონ. ეს  აქტიური და პასუხისმგებლიანი საზოგადოების შექმნისათვის მნიშვნელოვანი კომპონენტია“ – ამბობს ნინო მიროტაძე.

ამ 16 ინიციატივისთვის თანხების მოზიდვის წარმატებით დასრულების შემდეგ „ორბელიანი საქართველომ“, 2022 წლის ივნისში ახალი კონკურსი გამოაცხადა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მეტი ინფორმაცია მათ ვებსაიტზე მოიძიონ.

აი, ეს 16 წარმატებული ინიციატივა:

  1. ამბავი კარგი ფულის შესახებ – ქართულ ენაზე წიგნის თარგმნა,  რომელშიც ფულთან და ბიტკოინთან დაკავშირებული რთული საკითხები მარტივი ენითაა ახსნილი ბავშვებისათვის.
  2. არავინ დატოვო მიღმა! – ლაგოდეხში მცხოვრებ ხანდაზმულებს, რომელთაც გადაადგილება უჭირთ, ცხელ სადილს უფასო სასადილოებიდან სახლში მიუტანენ.
  3. არემარე – თბილისთან ახლოს მდებარე ეკომეგობრული, მულტიფუნქციური სივრცის უკეთ აღჭურვა. ეს სივრცე სახელოსნოების, საგანმანათლებლო ღონისძიებების და საბავშვო ბანაკებისთვის გამოიყენება.
  4. აქ როგორ მოვედით, დეფ? – ახალგაზრდული პლატფორმა imitom.ge-ს ინიციატივაა. ისინი ამზადებენ მოკლე ვიდეოებს, სადაც განიხილავენ საქართველოს ისტორიის იმ ეპიზოდებს. როდესაც მნიშვნელოვანი შეცდომები მოხდა. პროექტის მიზანია, რომ ახალგაზრდებმა მიიღონ ინფორმაცია ამ მოვლენებზე და  გადაიაზრონ მათი მნიშვნელობა თანამედროვე კონტექსტში.
  5. აჩუქე მომავალი აუტიზმის მქონე ადამიანებს – „აუტიზმის ეროვნულ ცენტრში“ ორი კოტეჯის საჭირო ნივთებით აღჭურვა. აქ აუტიზმის სპექტრის მქონე მოზარდებს და ზრდასრულებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს ასწავლიან.
  6. გარდასახვა სპორტის ძალით – მიზნად ისახავს ახალგაზრდების სპორტული განვითარების ხელშეწყობას. მოზიდული ფულით დაფინანსდება რაგბის პროგრამა, რომელიც უფასო იქნება თბილისში მცხოვრები მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებისთვის.
  7. გახადე განათლება უფრო მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი! – ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა kentsero.ge-ს გაუმჯობესება და დახვეწა, რომელიც მოსწავლეებს უფასო ონლაინ კურსებს და საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობს.
  8. რეაგენტი – მიზნად ისახავს გურიის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის სკოლაში ლაბორატორიის აღჭურვას, რათა მოსწავლეებმა ქიმიისა და ფიზიკის ცდების ჩატარება თავად შეძლონ.
  9. ლაგოდეხის მეტეოსადგურის ახალი სიცოცხლე – მოაწყობს ორ მეტეოროლოგიურ სადგურს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე და „ახალგაზრდა რეინჯერის“ პროგრამის მეშვეობით ადგილობრივ მოსწავლეებს კლიმატის ცვლილების შერბილების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
  10. ცოდნის ოდა – მოზიდული თანხებით დაასრულებს სოციალურ-საგანმანათლებლო სივრცეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩაში, სადაც ახალგაზრდებს გააცნობენ სამოქალაქო აქტივიზმს, ადამიანის უფლებებს, გარემოს დაცვას და ა.შ.
  11. გაზარდე ჩემპიონი – მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი სტილის პოპულარიზაციას. შემოწირულ ფულს გამოიყენებენ სოფელი წვირმში, ზემო სვანეთში სპორტული ინვენტარის შესაძენად.
  12. გავატკბილოთ სწავლის ძირი – რაჭაში, სოფელ ღარში სკოლის მასწავლებელი ნინო ჭიჭინაძე წიგნის კლუბსა და ახალ სასწავლო სივრცეს მოაწყობს.
  13. ნარუჯის ციფრული ტრანსფორმაცია – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები შექმნიან ახალ ციფრულ სივრცეს, რაც მათ საშუალებას მისცემს სწავლის პროცესში მეტი ონლაინ აქტივობა გამოიყენონ.
  14. „ხე მაინც დარგე“ – ხელს შეუწყობს ბოტანიკურ ბიომრავალფეროვნებას, გაზრდის საზოგადოების ცნობიერებას კლიმატის ცვლილების შესახებ და შექმნის მწვანე სივრცეებს ურბანულ გარემოში – კერძო და სახელმწიფო სანერგეებიდან იყიდიან ენდემური სახეობის ნერგებს და შემდეგ მათ ქალაქებს აჩუქებენ.
  15. ჩვენი სივრცე უკეთესი მომავლისთვის – შეიძენს ტექნიკურ აღჭურვილობას ქვემო ქართლის სოფელ მარტყოფში ახალგაზრდული ცენტრის მოსაწყობად.
  16. თეატრი ცვლილებებისთვის – რუსთავის ახალგაზრდული სამოყვარულო თეატრისთვის, რომელიც 35 მოყვარულ არტისტს აერთიანებს, შეიძენს განათების და გახმოვანების აპარატურას.

Write a Comment

Leave a Reply

<