ახალი პროექტები COVID-19-ის გამოწვევებზე საპასუხოდ

ახალი პროექტები COVID-19-ის გამოწვევებზე საპასუხოდ

აგვისტოში, COVID-19-ის გამოწვევებზე საპასუხოდ, EWMI ACCESS-ის დაფინანსებით ოთხი ახალი პროექტი დაიწყო. პროექტების უმეტესობა რეგიონებში მოქალაქეების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვას ისახავს მიზნად.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში „ცოდნის კაფეს“ ორგანიზებით, ექიმები და მოხალისეები 60 წელს გადაცილებულ ადამიანებთან კარდაკარ დადიან და ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. ექიმები ხანდაზმულების ჯანმრთელობის მდგომარეობას დეტალურად ეცნობიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. სადაც ექიმები ვერ ახერხებენ მისვლას, „ცოდნის კაფეს“ მოხალისეები მიდიან, არიგებენ ბროშურებს და მოქალაქეებს ვაქცინაზე რეგისტრაციაში ეხმარებიან. ვისაც გადაადგილების პრობლემა აქვს, მობილურ ჯგუფში წერენ. ცოდნის კაფეს ფეისბუკის გვერდზე აქტიური საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს – აცრილი ხანდაზმულები თავიანთი გამოცდილების შესახებ ყვებიან, სოფლის ექმები მოქალაქეებს ვაქცინაციისაკენ მოუწოდებენ, ონლაინ დისკუსიებში კი საინტერესო სტუმრები, მათ შორის სასულიერო პირები  იღებენ მონაწილეობას.

„რაჭის სათემო ორგანიზაცია“ მოხალისეების დახმარებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორმოცამდე სოფელში ჩავა, მოქალაქეებს ვაქცინაციის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის, რეგისტრაციაში დაეხმარება და ზოგიერთ შემთხვევაში ვაქცინაციის პუნქტებამდე ტრანსპორტირებასაც შესთავაზებს. კითხვების შემთხვევაში მოქალაქეებისათვის ამუშავებულია ცხელი ხაზი. სოფლებში ასევე გაიმართება პირისპირ შეხვედრები ექიმებთან.

სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა (გიორგი ორკოდაშვილი,  მარიამ გელდიაშვილი, ალექსანდრე გულბიანი) ახმეტისა და ქედის მუნიციპალიტეტებში სკოლის 30 მასწავლებელს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ტრენინგები ჩაუტარა. კოლეგებისა და თანასოფლელებისათვის ცოდნის გასაზიარებლად, მასწავლებლები საინფორმაციო კამპანიებს დაგეგმავენ, რაშიც მათ პროექტის ავტორები დაეხმარებიან.

მეოთხე პროექტი კი ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიის და არტთერაპიის სესიებს შესთავაზებს, რათა შეძლებისდაგვარად შეუმსუბუქოს პანდემიის გამო შექმნილი დამატებითი სტრესი. პროექტის ფარგლებში მშობლები დაიწყებენ კამპანიას ონკოპაციენტი ბავშვებისათვის ფსიქოლოგიური დახმარების ხარჯების სახელმწიფოსგან სრულად  დაფარვის მოთხოვნით. პროექტის ავტორია მარიამ მითაიშვილი.

Write a Comment

Leave a Reply

<