EWMI ACCESS-ის ორგანიზებით ფოთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოსახლეობას შორის ღია შეხვედრები გაიმართა

EWMI ACCESS-ის ორგანიზებით ფოთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოსახლეობას შორის ღია შეხვედრები გაიმართა

ჰაერის დაბინძურება და თევზის სუნი ფოთს დიდი ხანია აწუხებს. ბოლო წლებში ეკოლოგიური მდგომარეობა ნავსადგურისა და სამრეწველო ზონის მიმდებარედ საგრძნობლად გაუარესდა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებები ღია წესით მუშავდება და მათი ტრანსპორტირება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხდება.

მეტალურგიულ ქარხნებს არ აქვთ ფილტრაციის გამართული სისტემა, რის გამოც ჰაერში დიდი ოდენობით მავნე ნივთიერებები გამოიფრქვევა.

ერთი წლის უკან, EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, ფოთში შეიქმნა სამოქალაქო პლატფორმა „ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის“, რომელიც ეკოლოგიური პრობლემებით შეწუხებულ ადამიანებს აერთიანებს. პლატფორმის ინიციატივით სამრეწველო ობიექტების მიმდებარედ მცხოვრებ ბავშვებს თმის სპექტრული ანალიზი ჩაუტარდა. 20 შემოწმებული ბავშვიდან 10-ის ორგანიზმში ტყვიის შემცველობა ნორმას საგრძნობლად აჭარბებდა — მაშინ, როდესაც 5 მკგ/დლ-ზე მეტი მაჩვენებელი საგანგაშოა, ერთ ბავშვს 125 მკგ/დლ, ხოლო მეორეს 60 მკგ/დლ დაუფიქსირდა. ოთხი ბავშვის ორგანიზმში სპილენძის, ხოლო ერთის ორგანიზმში რკინის მაღალი დონე გამოვლინდა. დამატებითმა სისხლის ანალიზებმა აჩვენა, რომ 15 გამოკვლეული ბავშვიდან 14-ში ტყვია დაშვებულ ზღვარს აჭარბებდა.

ამ პრობლემებზე სასაუბროდ 18 ივლისს, EWMI ACCESS-ის ორგანიზებით, ფოთში ჯავახიშვილისა და ჭავჭავაძის (ყველაზე დაბინძურებული) ქუჩების მცხოვრებლებს თბილისიდან და რეგიონებიდან ჩასული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები შეხვდნენ. ისინი პირადად გაეცნენ არსებულ პრობლემებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებს კონსულტაციები გაუწიეს და დახმარებას დაჰპირდნენ (მათ შორის, პასუხისმგებელ უწყებებთან კომუნიკაციის, უფასო იურიდიული მხარდაჭერის და ფართო მედიაგაშუქების გზით).

შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა ორგანზაციებმა: „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ და მედიაპლატფორმა „მთის ამბები“, პლატფორმა „სალამი“, „კაქტუს მედია“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „ცოდნის კაფე“, ინტერნეტგამოცემა civil.ge, საინიციატივო ჯგუფი „ზამთრის მარაგი“, „საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია“, „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“, „თბილისი პრაიდი“, „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“. მონაწილეებმა ვიზიტის შემდეგ ერთობლივი ინიციატივებიც დაგეგმეს.

ივლისის ბოლოს ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ჯავახიშვილის ქუჩის ბავშვების ფართომასშტაბიანი გამოკვლევები დაიწყო. ეს მოთხოვნა სამოქალაქო პლატფორმამ პეტიციით დააყენა. მერიამ პეტიცია დააკმაყოფილა და კვლევებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50000 ლარი გამოყო.

EWMI ACCESS-ი კვლავ განაგრძობს ფოთის სამოქალაქო პლატფორმის მხარდაჭერას გარემოსდაცვითი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<