არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა ჟურნალისტებთან საქართველოში მიმდინარე ჰესების მშენებლობის საკითხებზე

არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა ჟურნალისტებთან საქართველოში მიმდინარე ჰესების მშენებლობის საკითხებზე

25 აპრილს, EWMI ACCESS-ის პარტნიორმა ორგანიზაციებმა და ახლადდაარსებული „მწვანე ადვოკატირების პლატფორმის“ წევრებმა – „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) და „მწვანე ალტერნატივამ“ – ჟურნალისტებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები განიხილეს.

საუბარი შეეხო შემდეგ საკითხებს: ენერგეტიკის პოლიტიკის ხარვეზები საქართველოში; ჰესების მშენებლობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურები და რეგულაციები; გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალობა და ამ პროცესში მოქალაქეების ჩართულობის შესაძლებლობები; ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რისკები; ჰესების მშენებლობის გავლენა გარემოზე და ადგილობრივ მოსახლეობაზე; სასამართლო დავები პანკისში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების ირგვლივ; საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები საქართველოს ენერგეტიკის პოლიტიკასთან დაკავშირებით და სხვ. ამ საკითხების მიმართ ჟურნალისტებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც სამუშაო შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ჰესის გამო პანკისში ადგილობრივი მოსახლეობა პოლიციას დაუპირისპირდა.

EMC, საია და „მწვანე ალტერნატივა“, EWMI ACCESS-ის ხელშეწყობით, გასული წლიდან აქტიურად მუშაობენ რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და ზემო სვანეთის მოსახლეობის უფლებების დასაცავად. ამ რეგიონების მცხოვრებლებთან შეხვედრების დროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ თემად სწორედ ჰესების მშენებლობის საკითხი გამოიკვეთა. ადგილობრივების თქმით, ჰესების დაგეგმვა-მშენებლობის პროცესში არასათანადოდ იყო გააზრებული და გათვალისწინებული ჰესების ზეგავლენა გარემოზე და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები.

ამ და გარემოსთან დაკავშირებული სხვა პრობლემების წამოსაწევად, ასევე, იმის ხაზგასასმელად, თუ რამდენად მჭიდროდ არის კავშირში გარემოსდაცვითი საკითხები ადამიანის უფლებების დაცასთან და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან, EMC-იმ, საიამ და „მწვანე ალტერნატივამ“ შექმნეს მწვანე ადვოკატირების პლატფორმა, რომელიც გარემოსდაცვითი ადვოკატირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მობილიზებას ისახავს მიზნად. პლატფორმაში გაწევრიანება გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო აქტივისტებს და  მოქალაქეებს შეუძლიათ.

 

Write a Comment

Leave a Reply

<