ქალების ხმა არჩევნებში

ქალების ხმა არჩევნებში

2017 წლის აგვისტოში, EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, ხუთმა არასამთავრობო ორგანზიაციამ საქართველოს რეგიონებში კამპანია #ქალისხმაარჩევნებში დაიწყო. კამპანიის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ქალების კონკრეტული საჭიროებების გამოვლენა და ამ საჭიროებების ასახვა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების საარჩევნო პროგრამებში და შემდგომში ადგილობრივ სამოქმედო გეგმებში. კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ ქალებთან, ტრენინგები და აქტიურ ქალთა მობილიზაცია, დისკუსიები არჩევნებში მონაწილე კანდიდატების და აქტიური ქალი-ამომრჩევლების მონაწილეობით, პროექტის საქმიანობების და წამოჭრილი პრობლემების მედიაგაშუქება და სხვ.

ამ მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“, EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით დაიწყო ღია შეხვედრები ქალებთან ქვემო ქართლის რეგიონში. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებთან მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შულავერის მინდვრებში, პომიდვრის კრეფის დროს ჩატარდა, სადაც ქალებს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებების შესახებ ეკითხებოდნენ. ქალებმა მრავალი პრობლემა ჩამოთვალეს, მათ შორის გაუსაძლის სიცხეში მთელი დღე მუშაობა, სახლებში წყლის არქონის გამო სასმელი წყლის შორი დისტანციებიდან მოტანა, საბავშვო ბაღების არარსებობა, ცუდი გზები და ა.შ. ქვემო ქართლის რეგიონში  სულ 20 ასეთი შეხვედრა ჩატარდება. ამის შემდეგ, „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ მიღებულ ინფორმაციას გააანალიზებს და საარჩევნო კანდიდატებთან შეხვედრებზე სწორედ ამ პრობლემებს წარადგენს.

ამავე კამპანიის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი“, ახალციხის, ახალქალაქისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში 70 აქტიური ქალი გამოავლინა და მათ  საარჩევნო საკითხებზე და აქტიურ მოქალაქეობაზე ტრენინგები ჩაუტარა. შერჩეული ქალები მონაწილეობას მიიღებენ საარჩევნო სუბიექტებთან შეხვედრებში, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარდება.

Write a Comment

<