ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები

ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები

აგვისტოში USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის „ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსის” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსის ფარგლებში 166 საპროექტო განაცხადი შემოვიდა, საიდანაც 14 პროექტი შეირჩა დასაფინანსებლად. გამარჯვებული პროექტები მოქალაქეთა ინფორმირების და ჩართულობის გზით იმ პრობლემების გადაჭრაზეა ორიენტირებული, რომლებიც ფართო საზოგადოებას, ან/და რომელიმე კონკრეტულ თემს აწუხებს. ესენია:

საინიციატივო ჯგუფი „ხულო და მისი პერსპექტივები” – ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილის არეალის გენერალური გეგმის და მასში მოქცეული სამი ერთეული ტერიტორიის –  კურორტ ბეშუმის, შქერნალის უბნის და გოდერძის უღელტეხილის განაშენიანების დეტალური გეგმის შედგენის პროცესში.

დემოკრატიული ინსტიტუციების კვლევის ცენტრი („პლატფორმა კომენტარი“) – საქართველოში ჭარბვალიანობის და საცხოვრისიდან გამოსახლების მასშტაბების და მისი გამომწვევი მიზეზების კვლევა; კვლევაზე დაფუძნებით  გამოსავლების შესახებ სისტემური ხედვის ჩამოყალიბება.

მარჯვე რვაფეხას სახელოსნო – საზოგადოების ინფორმირება და ჩართვა სკოლამდელ დაწესებულებებში საბავშვო წიგნების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის, განსაკურებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

საინიციატივო ჯგუფი „ახალგაზრდები სუფთა წყლის ხელმისაწვდომობისთვის“ – გორის მუნიციპალიტეტში ე.წ. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში სუფთა სასმელ წყალზე წვდომის ხელშეწყობა ახალგაზრდების ჩართულობისა და ადვოკატირების გზით.

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია – შშმ პირთათვის პერსონალური ასისტენტის სერვისის დანერგვის და განხორციელების ადვოკატირება.

მომავლის აკადემია – ახალგაზრდული ქსელის შექმნა, რომელიც გააერთიანებს იმ ადამიანებს, ვისაც სურთ ცვლილებები დაიწყონ საკუთარი ქალაქიდან, უნივერსიტეტიდან ან თემიდან. საზოგადოებრივ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის წახალისება კრეატიული  მეთოდებით.

მწვანე განვითარების ჯგუფი „კერა“ – მარნეულის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში სარწყავ წყალზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მოქალაქეთა ჩართულობის გზით.

საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანება – მასწავლებლების მხარდაჭერა და გაძლიერება, რომლებიც ჩაერთვებიან განათლების სფეროში სახელფასო პოლიტიკის, ღირსეული პენსიის, ჯანდაცვის სისტემის და სხვა მნიშვნელოვან  საკითხზე პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების პროცესებში.

შშმ პირთა მხარდამჭერი ქალთა ორგანიზაცია – წალკაში მცხოვრები შშმ პირებისთვის, განსაკუთრებით შშმ ბავშვებისთვის მხარდაჭერის მექანიზმის შექმნა. შშმ პირებისთვის საჭირო სერვისების შეთავაზება, მოქალაქეების ინფორმირება და  ადვოკატირება ასეთი სერვისების უზრუნველყოფის მოთხოვნით.

საინიციატივო ჯგუფი „პენ საქართველო” – საბჭოთა წარსულის გადააზრების ხელშეწყობა ისტორიული ნარატივების და თანამედროვე დეზინფორმაციული პროპაგანდის შესახებ კრიტიკული მსჯელობის გზით.

ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი – მესტიის მუნიციპალიტეტში საზოგადოების ინფორმირება საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ – აუტიზმის მქონე ზრდასრული პირების საბაზისო უფლებების დაცვა მშობელთა ქსელის გაძლიერებითა და ადვოკატირებით, რათა აუტიზმის მქონე ზრდასრულმა პირებმა ისარგებლონ პროფესიული რე/აბილიტაციის სერვისებით.

მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრი – სოციალურად დაუცველი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის მონიტორინგი. პროექტი ფოკუსირდება რუსთავის, გორის, ხარაგაულის, ოზურგეთისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებზე.

GirlzWave – მრავალფეროვანი კამპანია ქალებისა და ახალგაზრდების ჩასართავად საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

 

Write a Comment

Leave a Reply

<