საუბრები ამომრჩეველ ქალთა საჭიროებებზე

საუბრები ამომრჩეველ ქალთა საჭიროებებზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“, EWMI ACCESS-ის დაფინანსებით, საქართველოს 10-ვე რეგიონში ახორციელებდა პროექტს, რომელიც მიზნად ისახავდა ქალი ამომრჩევლების საჭიროებების გამოვლენას და ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო კანდიდატებისთვის და პოლიტიკოსებისთვის ამ პრობლემების შესახებ ინფორმირებას.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების ქსელის დახმარებით, ორგანიზაცია შეხვდა 1000-მდე ქალს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს. შეხვედრები არაფორმალურ გარემოში ტარდებოდა, ძირითადად მინდვრებში მოსავლის აღების დროს, ქალების სახლებში და ეზოებში, რათა ქალებს მაქსიმალურად კომფორტულად ეგრძნოთ თავი და ღიად ესაუბრათ საკუთარ პრობლემებზე და პრიორიტეტებზე. ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალებისთვის „ქალთა საჭიროებების“ ცნება თავდაპირველად გაუგებარი იყო, ვინაიდან ისინი ასეთ შეხვედრებს პირველად ესწრებოდნენ: “ჩვენთან არავინ მოდის და არავის აინტერესებს ჩვენი პრობლემები, ხვდებიან მხოლოდ კაცებს, რომლებიც ქალთა პრობლემების შესახებ არ საუბრობენ. ჩვენი ქალები ტრადიციის გამო საჯარო შეხვედრებში ვერ მონაწილეობენ, ამოტომაც ხმას ვერავის ვაწვდით“ – ამბობდნენ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალები.

პროექტის ორგანიზატორები ეთნიკურად აზერბაიჯანელ კაცებსაც შეხვდნენ და მათთან არაფორმალური დისკუსიები სოფლად მდებარე ჩაიხანებში გამართეს. „მართალია, კაცებს უჭირთ აღიარება, რომ ქალებს რაღაც განსხვავებული საჭიროებები და პრობლემები აქვთ, თუმცა რომ დავიწყეთ მათთან ქალთა საჭიროებებზე და ქალების საარჩევნო უფლებებზე ლაპარაკი, ეს უკვე მნიშვნელოვანია“ – აცხადებს ქალების უფლებების დამცველი და სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა, რომელიც შეხვედრების ფასილიტაციას აზერბაიჯანულ ენაზე ეწეოდა.

პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა საინფორმაციო კამპანიები საქართველოს 12 ქალაქის ბაზარში, ასევე კულტურულ ღონისძიებებსა და სახალხო დღესასწაულებზე. ბაზრებში მოეწყო საინფორმაციო კუთხეები, სადაც მოსახლეობას 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდიდნენ და ქალებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ.

ქალებთან შეხვედრების დასრულების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“  ქალთა საჭიროებების შესახებ ანგარიში მოამზადა და 10 ქალაქში პრეზენტაციები გამართა. პრეზენტაციებს ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, საარჩევნო კანდიდატები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, რეგიონებში მცხოვრები აქტიური ქალები. როგორც აღმოჩნდა, საარჩევნო კანდიდატები და პოლიტიკური პარტიების უდიდესი ნაწილი საერთოდ არ იცნობდნენ მათ მუნიციპალიტეტებში არსებულ ქალთა საჭიროებებს. ბევრმა კანდიდატმა და პოლიტიკოსმა დადო პირობა, რომ მომავალში ამ საკითხებს პოლიტიკურ პროგრამებში გაითვალისწინებდნენ. პროექტის ორგანიზატორები არჩევნების შემდგომ პერიოდშიც ადევნებდნენ თვალყურს, თუ რამდენად დაიწყეს არჩეულმა კანდიდატებმა ქალების პრობლემებზე მუშაობა. ამ თემაზე მრავალი სტატია და ბლოგი გამოქვეყნდა ორგანიზაციის ვებგვერდზე.

Related Articles

Write a Comment

<